ქართველმა მოფარიკავემ სანდრო ბაზაძემ ტოკიოს ოლიმპიადის ნახევარფინალში მომხდარზე კომენტარი გააკეთა. ქართველი სპორტსმენი მსაჯებმა უნგრელ არონ შილადთან აშკარად დაჩაგრეს და შეხვედრის მიწურულს მის მიერ მოპოვებული ქულა უნგრელს ჩაუთვალეს.
ბაზაძე ძალიან გულდაწყვეტილი იყო და თქვა, რომ ეს სპეციალურად გააკეთეს, რადგან არ სურდათ ოლიმპიური ჩემპიონი გამხდარიყო, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ ამით არაფერი დასრულებულა.
“წავაგე, მაგრამ მართლა უსამართლობა მოხდა. ყველანაირად მზად ვიყავი გამარჯვებისთვის. ვიცოდი, ჩემს თავში დარწმუნებული ვიყავი, რომ ძალა შემწევდა და შემეძლო ოქროს მედლის მოპოვება. მართლა ძალიან ახლოს ვიყავი და სამწუხაროდ ასეთი რაღაც მოხდა, არ ვიცი, რა დავარქვა ამ ფაქტს. არ მეგონა, ოლიმპიურ თამაშებზე მსგავს რამეს თუ გააკეთებდნენ, მაგრამ ყველაფერს კადრულობენ, კორუფციას ჰქონდა ადგილი, რადგან მსგავსი რაღაცები ისე არ ხდება. 100%-ით აღებული ქულები იყო.
როგორ არის იცით? ფეხბურთში საჯარიმოში ან ფეხი მოგტეხონ ან ხელზე რომ ხვდება და 100%-იანი პენალტია, ისეთი ქულები იყო. ვფიქრობ, რომ ასე სპეციალურადაც მოიქცნენ, არ უნდოდათ, რომ ახალი სახე გამოჩენილიყო. მთლიანობაში ახალი სახე არ ვარ, ყოველ წელს შედეგები მაქვს, მაგრამ არ უნდოდათ, რომ მე მომეგო, რადგან დაინახეს, რომ ერთი თავით მაღლა ვიდექი ყველაზე. ეს ადამიანი ვისთანაც წავაგე, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი იყო და ვერაფერი მომიხერხა. ყველაზე მთავარი და გარდამტეხი ქულა 13:13-ზე იყო, როდესაც 100%-იანი შეტევა გავაკეთე და მსაჯმა საოცრად უაზროდ ახსნა ეს მომენტი. ვერ გეტყვით, რატომ მოხდა ასე, მაგრამ სპორტია, ალბათ, ხდება.
ბრძოლის შემდეგ შილადი ჩემთან მოვიდა და თვითონვე მითხრა, რომ არ იყო ქულაო, მაგრამ ბრძოლის დროს ამას არავინ აღიარებს. როგორც ჩანს, თავი კარგად ვერ იგრძნო და საჭიროდ ჩათვალა ჩემთან საუბარი. მინდა ვთქვა, რომ ამით არაფერი მთავრდება და ყველაფერი წინ არის“, - თქვა ბაზაძემ.
შეგახსენებთ, სანდრო ბაზაძემ ტოკიოს ოლიმპიადაზე ორი ეგვიპტელი მეტოქე დაამარცხა - ჯერ მოჰაბ სამერს 15:10 აჯობა, მერვედფინალში ზიად ელსისის ძლევა შეძლო (15:12), ხოლო მეოთხედფინალში მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერს, სამხრეთკორეელ სანგუკ ოჰს 15:13 აჯობა. ნახევარფინალში მისი მოწინააღმდეგე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი უნგრელი არონ შილადი იყო, რომელთანაც 13:15 დამარცხდა. 13:13-ზე სანდრო მსაჯებმა აშკარად დაჩაგრეს და მისი მოპოვებული ქულა მეტოქეს მიაკუთვნეს. ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა ბაზაძემ სამხრეთკორეელ იუნგვან კიმთან 11:15 წააგო და ოლიმპიადაზე მეოთხე ადგილი დაიკავა.
ოლიმპიური თამაშების პირველი დღე საქართველოსთვის უმედლოდ დასრულდა. სანდრო ბაზაძე მეოთხე ადგილს დასჯერდა, ლუხუმ ჩხვიმიანი (ძიუდო) ასპარეზობას რეპეშაჟში გამოეთიშა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა (ჩოგბურთი) 1/16 ფინალში გასვლა შეძლო. მოკრივე ესკერხან მადიევი მერვედფინალში გავიდა, ხოლო მოცურავე ირაკლი რევიშვილმა კვალიფიკაციის გადალახვა ვერ მოახერხა და ასპარეზობა დაასრულა.