ქართველი მოცურავე მარიამ იმნაძე ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რადგან კორონავირუსი აქვს. ეს ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების ექიმმა ზურაბ კახაბრიშვილმა დაადასტურა.
„ჯანმრთელობის მდგომარეობით ყველა კარგადაა. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ წონის კონტროლი და ფიზიკური მაჩვენებლები იდეალურ მდგომარეობაში იყოს. უბრალოდ სამწუხარო ინფორმაციაა ის, რომ გამოფრენამდე თბილისში გაკეთებული PCR ტესტით ჩვენს მოცურავე მარიამ იმნაძეს დაუდასტურდა კორონავირუსი და სამწუხაროდ, იმ რეგულაციებით, რაც არსებობს, გამოაკლდა ოლიმპიადას. ყველაფერი ვეცადეთ, იქნებ შეჯიბრებამდე შემდგომი ტესტი ყოფილიყო უარყოფითი, მაგრამ ვერ მოვახერხეთ ამის განხორციელება, რადგან რეგულაციები ძალიან გამკაცრებულია. სამწუხაროდ, ის დააკლდება ჩვენს დელეგაციას. სხვა სპორტსმენებს კი წარმატებებს ვუსურვებ და ხვალიდან დავიწყებთ გულშემატკივრების მედლებით გახარებას“, - თქვა კახაბრიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მარიამ იმნაძე ოლიმპიადაზე 28 ივლისს 100 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში უნდა ჩართულიყო და მონაწილეობას კვალიფიკაციაში მიიღებდა. წარმატების შემთხვევაში კი ნახევარფინალში გავიდოდა.