სხვა

14:23 | 24.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო ბაზაძე ნახევარფინალში დამარცხდა და ბრინჯაოსთვის იბრძოლებს

ტოკიოს ოლიმპიადაზე ხმლით ფარიკაობაში სანდრო ბაზაძემ (მსოფლიო რეიტინგის მე-8 ნომერი) ნახევარფინალში წააგო და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა მოუწევს. ქართველი მოფარიკავე ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონ არონ შილადის (მსოფლიო რეიტინგის მე-4 ნომერი) დაუპირისპირდა და ძალზე დაძაბულ ბრძოლაში 13:15 დამარცხდა.

სანდრომ ნახევარფინალური შეხვედრა კარგად დაიწყო, ჯერ 3:0 და მერე 4:1 დაწინაურდა, მაგრამ ამის შემდეგ შილადიმ მობილიზება მოახერხა მიჯრით 5 დარტყმა მიაყენა ქართველ მოფარიკევეს და უნგრელი წინ გაიჭრა - 6:4. საბოლოოდ, პირველ პერიოდში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის უპირატესობა იგრძნობოდა და მან პერიოდი 8:5 მოიგო.

მეორე პერიოდი ბაზაძემ კარგად დაიწყო, მიჯრით 3 ქულა მოიპოვა და ანგარიში გაათანაბრა (8:8). ამის შემდეგ შეხვედრა ქულა-ქულაში მიმდინარეობდა, სანდრო 13:12 დაწინაურდა, მაგრამ ბოლო 3 გადამწყვეტი ქულა უნგრელმა მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი ორივე ქულის დროს მსაჯების გადაწყვეტილება საეჭვო იყო და ბაზაძემაც გააპროტესტა, მაგრამ ფაქტია, გამარჯვება მეტოქეს მიანიჭეს.

განსაკუთრებით აშკარა მე-14 ქულა იყო, როდესაც პირველი დარტყმა ბაზაძემ მიაყენა მეტოქეს, ეპიზოდი ვიდეორეფერიმაც გადაამოწმა, განმეორებით კადრებში ყველაფერი ცხადად ჩანს, მაგრამ ქულა მაინც უნგრელს დაუწერეს. გარდა ამისა, იყო სხვა საეჭვო ქულებიც, რომელიც უნგრელს ჩაუთვალეს, მათ შორის, ბოლო, მე-15 დარტყმა. ასეა თუ ისე, ახლა სანდრომ მობილიზება უნდა მოახერხოს და წინ ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაა.

შეგახსენებთ, სანდრო ბაზაძემ ნახევარფინალამდე ტოკიოს ოლიმპიადაზე ორი ეგვიპტელი მეტოქე დაამარცხა - ჯერ მოჰაბ სამერს 15:10 აჯობა, მერვედფინალში ზიად ელსისის ძლევა შეძლო (15:12), ხოლო მეოთხედფინალში მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერ, სამხრეთკორეელ სანგუკ ოჰს 15:13 აჯობა.

ბრინჯაოს მედლისთვის სანდრო ბაზაძე რეიტინგის მე-15 ნომერ სამხრეთ კორეელ იუნგვან კიმს დაუპირისპირდება, რომელიც ნახევარფინალში იტალიელ ლუიჯი სამელეს 12:6-ს უგებდა, მაგრამ მერე ზედიზედ 9 ჩხვლეტა მიიღო და საბოლოოდ 12:15 დამარცხდა. აღნიშნული შეხვედრა 15:20 საათზე დაიწყება.

0.115095