ფეხბურთი

23:42 | 22.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

კახა ცხადაძე: "ცოტა ობიექტური ხომ უნდა იყო? 20 ლარის გამო იგინებიან!"

„დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ჰაიფას „მაკაბისთან“ მატჩის შემდეგ (1:2) კომენტარი გააკეთა. ქართველი სპეციალისტი ძალზე გულდაწყვეტილი იყო და თქვა, რომ მეტოქემ მხოლოდ ინდივიდუალური უპირატესობის ხარჯზე მოიგო, გუნდურად კი „დინამოს“ ცუდად არ უთამაშია.

„ნეფტჩის“ ან „მაკაბის“ ჩვენთვის გუნდური თამაშით არ უჯობნია, თუ არ ჩავთვლით ინდივიდუალურ ოსტატობას, მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი მომენტები შეიქმნა ჩვენს კართან და სამწუხაროა, რომ ასეთ გოლებს ვუშვებთ.

რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ როდესაც მაღალი მიზნები ისახება, „დინამო თბილისში“ უკეთესი კონტიგენტი უნდა იყოს მომზადებული. ძალიან ბევრი არაზუსტი პასი გავაკეთეთ და ეს ცხადია, ინდივიდუალური ოსტატობაა, რომელიც ჩვენს ფეხბურთელებს აკლიათ. როდესაც გუნდს მაღალი მიზნები აქვს, საჭიროა უფრო მაღალი დონის ოსტატები. ეს არის ერთადერთი პრობლემა.

ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ასეთ თამაშებს ვაგებთ, დაცვაში მსგავსი უხეში შეცდომებით...

თავიდანვე გვქონდა მომენტი და ზუსტად ამაზე ვსაუბრობ. აქ მთავარი ფსიქოლოგიაც არის, ადამიანს საკუთარი თავის უნდა სჯეროდეს. სამწუხაროა, რომ ასე მოხდა, ბევრი საშუალება იყო იმის, რომ უფრო მომენტი შეგვექმნა. არის გამოუცდელობის პრობლემაც ახალგაზრდებში, მაგრამ უფრო გამოცდილი ფეხბურთელები მყავს მხედველობაში, როდესაც ფსიქოლოგიურ შიშზე ვლაპარაკობ. თუნდაც, „ნეფთჩისთან“ რამდენჯერ შევედით საჯარიმოში, მაგრამ ბოლო ფაზას თუ ვერ გამოიყენებ, თამაში როგორ უნდა მოიგო? არ უნდა დავუშვათ ასეთი შეცდომები, როგორ გოლებსაც ჩვენ ვუშვებთ, ხან ფეხი გვიცდება, ხან - ბურთს ფეხს ვაცილებთ. რანაირად, როცა ამხელა სამუშაოს ვასრულებთ...

აღარაფერს ვამბობ იმ ხალხზე, რომლებიც 20 ლარის გულისთვის მოდიან და იგინებიან, ესენი ხომ არახალხი არიან და საქართველოში საერთოდ არ უნდა ცხოვრობდნენ. უბრალოდ ობიექტური ხომ უნდა იყო? ცუდად მოვამზადე გუნდი? გვაჯობეს გუნდურად? თუ არ ჩავთვლით იმათ 3-4 ფეხბურთელს, რომლებიც ინდივიდუალურად გამოირჩევიან, რით გვაჯობეს?..

ჩვენ თუ გვინდა მაღალი მიზნების მიღწევა, ყველაფერი შერწყმული უნდა იყოს. ვქმნით მომენტებს, მაგრამ მას ხომ გამოყენება უნდა, ცივსისხლიანობაა საჭირო, 16 მეტრიდან ცივი გონებით უნდა გამოიყენო მომენტი. იყო ეპიზოდი, როცა 10-მეტრიანი პასიც ვერ გავაკეთეთ...

ვერ მოგვყავს ფეხბურთელები, თუ ისინი თავისუფალი აგენტები არ არიან...

ვფიქრობ, რომ გუნდური თამაშიდან გამომდინარე წინ ძალიან დიდი ნაბიჯი გვაქვს გადადგმული, დილიდან საღამომდე ვმუშაობ და რატომ უნდა ვაგინებინო ვინმეს თავი? საერთოდ არაფერში არ მჭირდება. აქ მოვედი სუფთა გულით და ისეთ პირობებზე, შეიძლება ვინმეს სასაცილოდ არ ეყოს. "დინამო თბილისი" უნდა იყოს გამორჩეული გუნდი, კომპლექსური ნაბიჯები თუ არ გადაიდგმება, მაშინ ერთმანეთს ნერვები რატომ უნდა ვუშალოთ? მთელი ჩემი ცხოვრება, როგორც ფეხბურთელსაც საქართველოსთვის მიმუშავია და ვიღაცამ რატომ უნდა მაგინოს? ცოტა ობიექტური ხომ უნდა იყო. ძალიან დიდი ბოდიში, ეს ემოციებია. ძალიან გული მწყდება, ნამდვილ გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდი. ჯანსაღი კრიტიკა სხვა არის, დამიჯდეს, მაგრამ როგორ უნდა დამიჯდეს? რაზე უნდა მელაპარაკოს? სიმართლეს შევხედოთ, ისრაელის ჩემპიონმა მხოლოდ ინდივიდიალურად გვაჯობა თუ ვინმე სხვა რამეს დამიმტკიცებს, კარგი... ყველა ნამდვილ გულშემატკივარს დიდ მადლობას ვუხდი“, - თქვა ცხადაძემ.

შეგახსენებთ, „დინამო თბილისი“ ჰაიფას „მაკაბის“ სტუმრად 29 ივლისს დაუპირისპირდება.

0.11257