ფეხბურთი

16:47 | 21.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ალაბა "რეალის" ახალი 4 ნომერია: "მსოფლიოს უდიდეს კლუბში ყოფნით ძალიან ვამაყობ"

მადრიდის „რეალმა“ ავსტრიელი მცველი დავიდ ალაბა ოფიციალურად წარადგინა. ალაბა „სამეფო კლუბის“ ახალი 4 ნომერია.

საქმე ისაა, რომ ამ ნომრით „რეალში“ 2005 წლიდან სერხიო რამოსი თამაშობდა და ცხადია, მისი აღება დიდი პასუხისმგებლობაა. რამოსამდე „რეალის“ 4-ნომრიანი მაისური კიდევ ერთი ლეგენდის, ფერნანდო იეროს საკუთრება იყო.

„ეს ოცნების ასრულებაა, მსოფლიოს უდიდეს კლუბში მოვხვდი და ძალიან ვამაყობ, რომ აქ ვარ. მოუთმენლად ველოდები მადრიდის „რეალის“ მაისურით თამაშს. მსურს ჩემი წვლილი შევიტანო გუნდის წარმატებებში. რამდენიმე შეთავაზება მივიღე, მაგრამ ჩემთვის ერთადერთი ვარიანტი მადრიდის „რეალი“ იყო. ეს არის ყველაზე დიდი კლუბი მსოფლიოში და გამოწვევა, რომელსაც ვეძებდი.

4 ნომერი? სხვა ნომრები არ იყო ხელმისაწვდომი და ეს შემომთავაზეს. მე ვიცი რას ნიშნავს ეს ნომერი კლუბისთვის, ეს ჩემთვის დიდი პატივია. ეს ნომერი წარმოადგენს ძალას და ლიდერობას. ანჩელოტი? მას „ბაიერნიდან“ ვიცნობ, შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს და სასიამოვნო იქნება მასთან კიდევ ერთხელ მუშაობა. პოზიცია? უნივერსალი ფეხბურთელი ვარ, შემიძლია სხვადასხვა პოზიციაზე თამაში და თუ სად ვითამაშებ, ამას მწვრთნელი გადაწყვეტს“, - თქვა ალაბამ.

შეგახსენებთ, დავიდ ალაბა მადრიდის „რეალს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. ავსტრიელს აქამდე მიუნხენის „ბაიერნში“ უთამაშია, სადაც 11 სეზონი გაატარა, ხოლო ერთი წელი იჯარით „ჰოფენჰაიმში“ ითამაშა.

0.131577