ფრანგი თავდამსხმელი ოლივიე ჟირუ „ჩელსის“ დაემშვიდობა. მან თანაგუნდელებს, ხელმძღვანელობასა და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა და სოციალურ ქსელში გამოსამშვიდობებელი ტექსტი განათავსა.
„ყველა „ლურჯს“, ჩემს თანაგუნდელებს, მწვრთნელებს, მთელ კლუბს დიდი მადლობა განსაკუთრებული მომენტებისთვის. ბედნიერი გულით ახალ მოგზაურობას ვიწყებ. "ჩელსისთან" ერთად ინგლისის თასი, ჩემპიონთა ლიგა და ევროპის ლიგა მოვიგე და ეს გამარჯვებები ძალიან კარგი იყო. სიყვარულით ოლი ჯი“, - დაწერა ფეხბურთელმა ტვიტერზე.
აქვე გეტყვით, რომ ჟირუ იტალიაში იმყოფება სადაც სამედიცინო შემოწმება გაიარა და „მილანის“ სპორტულ დირექტორს პაოლო მალდინს ესაუბრა. მისი ტრანსფერი სავარაუდოდ დღის განმავლობაში გაოციციალურდება.
შეგახსენებთ, რომ 34 წლის თავდამსხმელმა გასულ სეზონში „ჩელსის შემადგენლობაში 17 თამაში ჩაატარა და 4 გოლის გატანა მოახერხა.