ტურინის „იუვენტუსი“ „სასუოლოსა“ და იტალიის ნაკრების ნახევარმცველის მანუელ ლოკატელის შეძენას ცდილობს, თუმცა, პირველი წინადადება უშედეგო გამოდგა.
Sky Sport-ის ცნობით, ორივე კლუბის სპორტული დირექტორები ფედერიკო კერუბინი და ჯოვანი კარნევალე ერთმანეთს შეხვდნენ. „იუვემ“ „სასუოლოს“ 23 წლის ფეხბურთელში 30 მილიონი ევრო შესთავაზა, ასევე ყურადსაღებია ტრანსფერიც ფორმულაც: ტურინელებს ლოკატელის 2-წლიანი იჯარით, მაგრამ გამოსყიდვის ვალდებულებით დამატება სურთ, რაც იმას გულისხმობს, რომ 2 სეზონის მერე აუცილებლად უნდა გამოისყიდოს და ზუსტად ამ ფორმულით ჰყავს ფედერიკო კიეზა შეძენილი.
თუმცა, „სასუოლომ“ უარი განაცხადა. „ნეროვერდის“ არც ტრანსფერის ფორმულა მოსწონს და არც ფინანსური წინადადება. იტალიური კლუბი 40 მილიონ ევროს ითხოვს, რადგან ლონდონის „არსენალი“ სწორედ ამ თანხას იხდის და შეუძლია ფეხბურთელი ინგლისში გაყიდოს.
საქმე ისაა, რომ მანუელ ლოკატელი ბავშვობიდან „იუვენტუსის“ გულშემატკივარია, მას სწორედ „ბებერ ქალბატონში“ თამაში სურს და ამიტომაც, ინგლისში გადაბარგებაზე უარს ამბობს, რაც „სასუოლოს“ საქმეს ურთულებს. ლოკატელის სურვილის გამო მოლაპარაკებები არ დახურულა და მხარეები უახლოეს დღეებში კიდევ შეხვდებიან.
მანუელ ლოკატელი თავდაპირველად „მილანში“ გამოჩნდა, ხოლო 2018 წლიდან „სასუოლოს“ ღირსებას იცავს. იტალიის ნაკრებში ის ცოტა ხნის წინ ევროპის ჩემპიონი გახდა და ევრო 2020-ზე 5 მატჩში 2 გოლიც გაიტანა.