ფორმულა 1-ის ბრიტანეთის დიდ პრიზზე პირველად გაიმართება საკვალიფიკაციო სპრინტერული რბოლა, რომლის შედეგების შესაბამისადაც, პილოტები კვირის რბოლის სტარტზე დაიკავებენ ადგილებს. პირველ სამ ადგილზე გასულებს კვარცხლბეკზე ასვლის პატივი არ ექნებათ. მაგრამ ძველებურ სტილში, მათ კისერზე დაფნის გვირგვინებს დაჰკიდებენ.
რაც მთავარია, 100-კილომეტრიანი რბოლის პირველ სამეულს, ქულებიც ჩამოურიგდება. გარდა ამისა, გამარჯვებული სამეული მაყურებლის წინაშე აღლუმსაც გაივლის. ცნობისათვის, ბრიტანეთის დიდი პრიზი სავსე ტრიბუნების წინაშე ჩაივლის და აღლუმიც შესაფერისი იქნება.
„ფ1-ის სპრინტი ახალი და ამაღელვებელი ფორმატია. ამიტომ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანი იყო, მისი დასრულების შემდეგ, ისეთი რამ ჩაგვეტარებინა, რაც კარგი საცქერი იქნებოდა. ეს უნდა ყოფილიყო ისეთი რამ, რაც სპორტის სამოცდაათწლიან ისტორიას უკავშირდება და სპრინტისთვის შესაფერისი იქნებოდა“, - ამბობს ფ1-ის ღონისძიებათა დირექტორი ალექს მოლინა.
ძველად გამარჯვებულებს კვარცხლბეკზე დაფნის გვირგვინებით ამკობდნენ და ეს მიმზიდველი სანახაობა იყო. მაგრამ გვირგვინი კომბინეზონებზე სპონსორების სარეკლამო ლოგოებს ფარავდა, რის გამოც, სპორტის კომერციალიზაციის კვალად, 1980 წლების დასაწყისში, გვირგვინების გამოყენება შეწყდა.