სხვა

3:19 | 15.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონმა პოგაჩარმა საჩემპიონო ეტაპი მოიგო

ტადეი პოგაჩარი ახლოსაა მიზანთან, შეინარჩუნოს ტურ დე ფრანსის ჩემპიონის წოდება. დღეს მან ურთულესი, მე-17 სამთო ეტაპი მოიგო და ისედაც სოლიდური ლიდერობა, კიდევ უფრო განიმტკიცა. 22 წლის სლოვენიელს ერთი სამთო და ერთიც დროზე რბოლა დარჩა იმისთვის, რომ მეორე ტიტული გაინაღდოს.

„ეს მთა დაუსრულებელი ისტორიაა. მასზე ბოლო რვა კილომეტრი ცუდი გზაა, ძალიან რთულია, სიმაღლეში სხვაობა უზარმაზარია. მაგრამ თავს კარგად ვგრძნობდ და სიამოვნებით გავიარე ეს აღმართი“, - ყვება პოგაჩარი (UAE ტიმ ემირატსი).

ლიდერის უახლოესი მდევარი ისევ შეიცვალა, რადგან კოლუმბიელმა რიგობერტო ურანმა (EF ედუქეიშენ) ბევრი დრო დაკარგა და მეოთხე ადგილზე გადაინცვლა. მეორე ადგილზე კი ახლა დანიელი იონას ვინგეგაარდია, ვინც პოგაჩარს 5 წუთით და 39 წამით ჩამორჩება. მესამე ადგილზე ეკვადორელმა რიჩარდ კარაპასმა (ინეოს გრენადერსი) გადაინაცვლა, ვისაც ვინგეგაარდთან 4 წამი აშორებს.

სწორედ ეს ორი მრბოლი მიჰყვა ბოლომდე პოგაჩარს, მაგრამ ფინიშთან ყველაზე ადრე სლოვენიელი მივიდა. მან ვინგეგაარდს და კარაპასს 3 და 4 წამით აჯობა. ყველაზე რთულ მომენტებში პოგაჩარს სახეზე ღიმილი ეტყობოდა, რასაც თავად ასე განმარტავს: „ზოგჯერ, როცა ძალიან მიჭირს, სახეზე ღიმილის მსგავსი მეტყობა. თუმცა ფაქტია, რომ დღევანდელი რბოლით სიამოვნება მივიღე“.

„ტური შონზ ელისეზე მთავრდება, როცა ბოლო წრის დასასრულს, ფინიშის ხაზს გადაკვეთ. ველოსპორტში შეიძლება ძალიან არ გაგიმართლოს. ხეზე დავაკაკუნოთ. ახლა კარგ ხასიათზე ვარ და მოუთმენლად ველი ხვალინდლ რბოლას, რომელიც ბოლო ძალიან ძნელი რბოლა იქნება. მერე ვნახოთ. ახლა ამაზე ფიქრი არ მსურს“, - დასძენს პოგაჩარი.

მე-18 ეტაპზე ტურის მონაწილეებს კიდევ ერთი ლეგენდარული მთა, ლუზ არდიდენი ელის. ამას პარასკევის სპრინტი და შაბათის დროზე რბოლა მოჰყვება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.122283