სხვა

3:22 | 14.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბრომელმა ოლიმპიადის წინ ბრილიანტის ლიგაზე გაიმარჯვა

ტოკიოს ოლიმპიადის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, ამერიკელმა სპრინტერმა ტრეივონ ბრომელმა ბრილიანტის ლიგის გეიტშიდის (ბრიტანეთი) შეხვედრაზე, 100 მეტრზე სპრინტში გაიმარჯვა. ეს ბრილიანტის ლიგის ბოლო შეხვედრა იყო ტოკიოს თამაშების წინ.

ბრომელმა ივნისში ამერიკის ოლიმპიურ შესარჩევ ტურნირზე გაიმარჯვა და სეზონის საუკეთესო დრო - 9.77 წამი დააფიქსირა. გეიტშიდში მისი შედეგი 9.98 წამი იყო. ამერიკელებს იმედი აქვთ, რომ ბრომელი მათ ყველაზე პრესტიჟულ სპრინტერულ დისტანციაზე ოქროს მედალს დაუბრუნებს, რომელიც უკვე 13 წელი არ მოუპოვებიათ. ამის მთავარი მიზეზი უსაინ ბოლტი იყო, რომელიც სპრინტში წლების განმავლობაში დომინირებდა.

ინგლისის ჩრდილო-აღმოსავლეთის ქალაქ გეიტშიდში გრილი ამინდის მიუხედავად, ბრომელმა ყველას უჩვენა, რომ ტოკიოსთვის საუკეთესო ფორმაშია. მან სწრაფი სტარტი აიღო, შუა გზამდე ენერგია დაზოგა, შემდეგ კი ტემპი გაზარდა და ყველა მეტოქე ჩამოიტოვა. მეორე და მესამე ადგილები ბრიტანელებმა, ციჯეი იუჯამ (10.10) და ჟარნელ ჰიუზმა (10.13) დაიკავეს.

10.13 წამი დააფიქსირა ამერიკელმა ფრედ კერლიმ, რომელსაც საუკეთესო სტარტი ჰქონდა, მაგრამ ფინიშამდე ტემპის შენარჩუნება ვერ შეძლო. ასევე 10.13 წამში გაირბინა კანადელმა ანდრე დე გრასიმ, ვინც მოგვიანებით გაცილებით სწრაფად ირბინა 4x100 მეტრზე ესტაფეტაზე. აქ ის კანადის ოთხეულში ბოლო გამოვიდა, მაგრამ გამარჯვება ბრიტანელებმა მოიპოვეს. მათი დრო 38.27 წამი, მსოფლიოში საუკეთესოა მიმდინარე სეზონში.

ქალთა შორის 200 მეტრზე სპრინტში, გამარჯვება იამაიკელმა ელეინ თომპსონ-ერამ მოიპოვა, ვინც 100 და 200 მეტრზე სპრინტში, მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონია. მან ფინიშს 22.43 წამში მიაღწია. მეორე და მესამე ადგილები, ბრიტანელმა ჯოდი უილიამსმა (22.60) და ნიგერიელმა ბლესინგ ოკაგბარემ (22.61) დაიკავეს.

110 მეტრზე თარჯრბენში ოლიმპიური ჩემპიონი, იამაიკელი ომარ მაკლეოდი, ვინც ოლიმპიურ შესარჩევზე ბარიერს დაეჯახა და საგზურის გარეშე დარჩა, ამჯერად მეორე ადგილს დასჯერდა. მისი შედეგია 13.42 წამი. გამარჯვება კი მისმა თანამემამულე რონალდ ლევიმ მოიპოვა (13.22).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.119184