ჩოგბურთი

1:26 | 14.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერი ტოკიოს ოლიმპიადაზე არ ითამაშებს

როჯერ ფედერერმა დაადასტურა, რომ ტოკიოს ოლიმპიადაზე მონაწილეობას ვერ მიიღებს და ამის მიზეზად, მუხლის ტრავმა დაასახელა. დიდი სლემის 20 ტიტულის მფლობელმა, ვერაფრით მოახერხა მუხლის ოპერაციის შემდეგ სრულფასოვანი დაბრუნება. მან ახლახანს უიმბლდონზე ითამაშა და მეოთხედფინალს მიაღწია.

სწორედ უიმბლდონის შემდეგ გაუმიზეზდა ნაოპერაციები მუხლი და ეს გახდა მისი გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი. „ბალახის სეზონის განმავლობაში, მუხლზე პრობლემები დამეწყო. იძულებული ვარ, ტოკიოში თამაშისგან თავი შევიკავო“, - ტვიტერზე დაწერა ფედერერმა.

„ძალიან გაწბილებული ვარ. ჩემთვის ყოველთვის დიდი პატივი და გამორჩეული მოვლენაა ოლიმპიადაზე შვეიცარიის სახელით თამაში. რეაბილიტაციის პროცესი უკვე დავიწყე. იმის იმედი მაქვს, რომ ტურს მოგვიანებით, შემოდგომაზე დავუბრუნდები“, - დასძენს ჩოგბურთის ლეგენდა.

თავად არაფერი უთქვამს, მაგრამ როგორც ჩანს, ფედერერი აშშ-ის ღია პირველობაზე გამოსვლას გეგმავს, რომელიც 30 აგვისტოს დაიწყება. შვეიცარიელ ჩოგბურთელს ფლეშინგ მედოუსის ტურნირი ხუთჯერ აქვს მოგებული.

0.127818