„დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ბაქოს „ნეფთჩისთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. ქართველი სპეციალისტის განცხადებით, მისმა გუნდმა საგოლე მომენტები უკეთ უნდა გამოიყენოს და დაცვაში შეცდომები არ უნდა დაუშვას.
„ვფიქრობ, რომ ხვალ უფრო დაძაბული თამაში იქნება, ვინაიდან ორივე გუნდი ერთმანეთზე უკვე მეტ ინფორმაციას ფლობს და ორივე ეცდება, რომ შეცდომები გამოიყენონ.
არ დაგეთანხმებით, რომ პირველი მატჩიდან გამომდინარე „ნეფთჩი“ უფრო ძლიერია, ვიდრე ჩვენ. უამრავი საგოლე მომენტი გვქონდა, მეკარეს 7 სეივი ჰქონდა, სტატისტიკასაც რომ შევხედოთ, ყველა ასპექტში ჩვენი უპირატესობა აშკარა იყო. კარში რვაჯერ დავარტყით და მხოლოდ 1 გოლი გავიტანეთ, რაც ასეთ დროს ძალიან ცოტაა. ხვალ მთავარი იქნება, რომ საგოლე მომენტები უკეთ გამოვიყენოთ. პირველ მატჩში უხეში და ფატალური შეცდომები დავუშვით, რის გამოც წავაგეთ.
თბილისში პირველი გოლი ძალიან მოულოდნელად გავუშვით, მეკარეს არასწორი პოზიცია ჰქონდა, მეორე გოლიც ჩვენი ბრალი იყო, რადგან ბურთს ვფლობდით და მცველი შეცდა. ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მსგავსი შეცდომები დაუშვებელია, „ნეფთჩის“ ინდივიდუალურად მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავს, რომლებიც ასეთ შეცდომებს არ გვაპატიებენ, ამიტომ, უნდა ვეცადოთ, რომ ეს შეცდომები აღარ დავუშვათ.
„ბაქსელ არენა“ ძალიან კარგი სტადიონია. ბევრ მაყურებელს არ იტევს, მაგრამ ძალიან კომფორტული არენაა. მე ყოველთვის მომწონდა მსგავს არენებზე თამაში, რადგან სუფთა საფეხბურთო სტადიონია და ასე რომ ვთქვათ, გულშემატკივარი ყურზე გაზის. კომპაქტური არენაა, რაც ფეხბურთელებს დიდ მოტივაციას აძლევს“, - თქვა ცხადაძემ.
შეგახსენებთ, პირველი მატჩი „დინამო თბილისმა“ საკუთარ მოედანზე 1:2 წააგო, ხოლო ბაქოში თამაში 14 ივლისს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. წყვილში გამარჯვებული მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე პირეოსის „ოლიმპიაკოსს“ შეხვდება, ხოლო დამარცხებული კონფერენს ლიგაზე ალმატის „ყაირატსა“ და ჰაიფას „მაკაბის“ წყვილში დამარცხებულს დაუპირისპირდება.