მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი პირველი ჩოგბურთელია, ვინც ATF-ს ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც უიმბლდონის ჩემპიონი გახდა. ეს დიდი სლემის ბალახის ტურნირზე, მის მიერ მოპოვებული მეექვსე ტიტულია.
უიმბლდონის ფინალში, მან 6-7(4), 6-4, 6-4, 6-3 დაამარცხა იტალიელი მატეო ბერეტინი და დიდი სლემის მეოცე ტიტული მოიპოვა, რითაც როჯერ ფედერერს და რაფაელ ნადალს გაუტოლდა. ATP-ს ფინალი ტურინში 14-21 ნოემბერს გაიმართება და მასში რეიტინგის საუკეთესო 8 ჩოგბურთელი მიიღებს მონაწილეობას.
„მიხარია, რომ ტურინში ასპარეზობის უფლება ასე ადრე მოვიპოვე. იტალიელ ფანებს ჩოგბურთი ძალიან უყვართ. ეს იქნება დიდი შეჯიბრი, ფანტასტიურ ატმოსფეროში“, - განაცხადა სერბმა ჩოგბურთელმა, ვისთვისაც ეს ATP-ს მე-14 ფინალი იქნება.
ცნობისათვის, 34 წლის ჯოკოვიჩს ATP-ს ფინალი ხუთჯერ აქვს მოგებული. თუ მეექვსესაც მოიგებს, ამით ფედერერის რეკორდს გაიმეორებს. ამასთან, სერბს შანსი აქვს, ზედიზედ მეშვიდე სეზონი დაასრულოს რეიტინგის სათავეში, რაც რეკორდი იქნება. მიმდინარე სეზონში, მას 37 შეხვედრიდან 34 აქვს მოგებული.
მეორე ჩოგბურთელი, ვისაც ATP-ს ფინალში თამაშის უფლების სხვებზე ადრე მოპოვების შანსი აქვს, ბერძენი სტეფანოს ციციპასია. მას ეს პრესტიჟული ტურნირი 2019 წელს აქვს მოგებული. მის შემდეგ, ტურინის საგზურის მოპოვების შანსი ბერეტინის აქვს.