სხვა

4:09 | 10.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოლიმპიადის მიღმა დარჩენილმა მსოფლიო ჩემპიონმა ბრილიანტის ლიგის მონაკოს შეხვედრა მოიგო

მსოფლიო ჩემპიონმა 1 500 მეტრზე სირბილში, კენიელმა ტიმოთი ჩერუიოტმა, ბრილიანტის ლიგის მონაკოს შეხვედრაში გაიმარჯვა და თან სეზონის საუკეთესო დრო - 3 წუთი და 28.28 წამი დააფიქსირა. არადა, წინა თვეში, ჩერუიოტმა ოლიმპიურ შესარჩევ შეჯიბრში, მეოთხე ადგილი დაიკავა და ტოკიოს საგზურის გარეშე დარჩა.

„კენიაში ბევრი დრო გავატარე და შეჯიბრებში მონაწილეობა მომენატრა. შესარჩევზე რამდენიმე პრობლემა შემექმნა. მუხლის მყესის ტრავმას, ჩემი ოჯახის წევრის დაკარგვა დაემატა. ამიტომ, ოლიმპიური გუნდის მიღმა დავრჩი“, - ამბობს 25 წლის კენიელი.

აღსანიშნავია, რომ მონაკოს შეხვედრისას, სეზონის არაერთი საუკეთესო შედეგი დაფიქსირდა. 2012 წლის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორმა, ბოტსვანელმა ნიჯელ ამოსმა 800 მეტრზე სირბილში გაიმარჯვა. მისი შედეგი - 1:42.91, მიმდინერე სეზონის საუკეთესოა. მამაკაცთა 3 000 მეტრზე სტიპლჩეიზშიც სეზონის ლიდერი დრო დაფიქსირდა - 8:07.75 და ის ეთიოპიელ ლამეჩა გირმას ეკუთვნის. ქალთა 1 500 მეტრზე სირბილში ოლიმპიურმა ჩემპიონმა, კენიელმა ფაით კიპიეგონმა ასევე სეზონის საუკეთესო დროით (3:51.07) მოიგო.

27 წლის კიპიეგონი სარბენ ბილიკს 2019 წელს, ორწლიანი პაუხის შემდეგ დაუბრუნდა. პაუზისას ის დედა გახდა და ბევრმა ჩათვალა, რომ მისი კარიერაც დასრულდა. მაგრამ ის სხვაგვარად ფიქრობდა. კიპიეგონმა მსოფლიო ჩემპიონს ჰოლანდიიდან, სიფან ჰასანს ორ წამზე მეტით აჯობა.

სენსაცია დაფიქსირდა მამაკაცთა შორის 100 მეტრზე სპრინტში. გამარჯვება ამერიკელმა რონი ბეიკერმა მოიპოვა. მან ფინიშს 9.91 წამში მიაღწია და ბრილიანტის ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო. მისი თანამემამულე ტრეივონ ბრომელი კი, ვინც ტოკიოს ოლიმპიადის ფავორიტია, მხოლოდ მეხუთე ადგილს (10.01) დასჯერდა.

მამაკაცთა შორის 400 მეტრზე თარჯრბენში, მსოფლიოს ახალმა რეკორდსმენმა, ნორვეგიელმა კარსტენ ვარჰოლმმა (47.08) გაიმარჯვა. მან რვა დღით ადრე, ოსლოში ასპარეზობისას, ამერიკელი კევინ იანგის მიერ 29 წლის წინათ დამყარებული რეკორდი მოხსნა. ახალი რეკორდია 46.70 წამი.

0.065555