ევრო 2020-ის ფინალში იტალიის ნაკრები ლონდონში ინგლისის ნაკრებს დაუპირისპირდება და აპენინურ მედიაში უკვე განგაშის ზარები ისმის. იტალიაში ფიქრობენ, რომ უეფა ინგლისს ჩემპიონობაში ეხმარება, რითაც ალექსანდერ ჩეფერინი დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონი ვალს გადაუხდის.
Gazzetta Dello Sport-ი წერს: „ინგლისმა ფინალში პოლიტიკური დახმარებით მიაღწია. უეფა მათ სუპერლიგის სანაცვლოდ ეხმარება, ეს შეიძლება შეინიშნოს მთელი ტურნირის განმავლობაში, ყველაზე აშკარად ეს დანიის ნაკრებთან პენალტით გამოჩნდა“.
იგივე სახის წერილები სხვა ვებგვერდებზეც შეინიშნება. Calciomercato-ზეც მსგავსი შინაარსის სტატია გამოქვეყნდა ასეთი სათაურით: „ბორის ჯონსონი, ჩეფერინი, ნიდერლანდელი მსაჯი - ღმერთმა გადაარჩინოს იტალია“.
აღსანიშნავია, რომ ნახევარფინალშიც ინგლისის მატჩი ნიდერლანდელმა დანი მაკელიემ იმსაჯა, ხოლო ფინალს მისი თანამემამულე ბიორნ კუიპერსი განსჯის.
ზემოაღნიშნულ აზრს იზიარებს ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი ფაბრიციო რავანელი, რომელიც ინგლისში თამაშობდა:
„სინამდვილეში ვშიშობ, რომ ინგლისის ზეიმისთვის სუფრა უკვე გაშლილია. დანიის წინააღმდეგ ის პენალტი არ არსებობდა და სკანდალური რამ მოხდა“, - აღნიშნა მან.
რაში მდგომარეობს ჩეფერინის ვალი ჯონსონთან მიმართებაში? ყველაფერი ევროპის სუპერლიგას უკავშირდება, რომლის ჩამოშლაში ყველაზე დიდი და პირდაპირი წვლილი სწორედ ბორის ჯონსონს მიუძღვის, რომელმაც ინგლისურ კლუბებს იქ გაწევრიანება აუკრძალა. სწორედ ამიტომ, იტალიელები ფიქრობენ, რომ უეფამ ჯონსონისთვის ვალის დაბრუნება ევროპის ჩემპიონატის ნანატრი ტიტულით გადაწყვიტა.
შეგახსენებთ, რომ ევრო 2020-ის ფინალი 11 ივლისს, „უემბლიზე“, ინგლისისა და იტალიის ნაკრებებს შორის გაიმართება.