ჩოგბურთი

0:07 | 9.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ეშლი ბარტი უიმბლდონის ფინალში პირველად გავიდა

მსოფლიოს პირველი ჩოგანი და ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი ავსტრალიელი ეშლი ბარტი, უიმბლდონის ჩემპიონატის ფინალში პირველად გავიდა. ბოლო 41 წელიწადში ის პირველი ავსტრალიელია, ვინც ბალახის დიდი სლემის ტურნირის ფინალში ითამაშებს. ფინალის გზაზე, მან ტურნირის ყოფილი ჩემპიონი, გერმანელი ანგელიკ კერბერი 6-3, 7-6(3) დაამარცხა.

ავსტრალიელთაგან ბოლოს უიმბლდონის ჩემპიონი ევონ გოოლაგონგი გახდა, ვისაც ტურნირი ორჯერ (1971 და 1980 წლებში) აქვს მოგებული.

პირველივე გეიმი საკმაოდ ნერვიული გამოდგა. 25 წლის ბარტის ბრეიკ პოინტის მოგერიება მოუხდა, თუმცა შემდეგ სწრაფად იპოვნა საკუთარი რიტმი და პირველი სეტი მოგებით დაასრულა.

მეორე სეტი 33 წლის კერბერმა უკეთ დაიწყო და დაწინაურდა კიდეც. მეცხრე გეიმში, როცა 5-3 იგებდა, მისი მოწოდება იყო. მაგრამ ბარტიმ აჩვენა, თუ რისთვის არის მსოფლიოს პირველი ჩოგანი. მოწოდბა მშრალად მოუგო, შემდეგ საკუთარი გეიმიც აიღო და სეტი ტაიბრეიკზე გადაიყვანა.

აქ ავსტრალიელმა პირველი ექვსი გათამაშება იოლად მოიგო და მართალია, 6-0-ზე ზედიზედ სამი მატჩ პოინტი გაანიავა, მაგრამ მეოთხე გამარჯვების ქულად აქცია. ამგვარად, ბარტიმ დიდი სლემის ტურნირების მეორე ფინალს მიღწია. პირველად ეს 2019 წელს, როლან გაროსზე შეძლო და ჩემპიონი გახდა.

ფინალში ბარტის მეტოქე იქნება ჩეხი კაროლინა პლიშკოვა, ვინც 5-7, 6-4, 6-4 მოუგო ბელარუს არინა საბალენკას. 1977 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა უიმბლდონის ორივე ფინალისტი, ამ ტურნირის ჩემპიონის ტიტულისთვის პირველად ითამაშებს. თუმცა, ბარტის აქტივში უიმბლდონის იუნიორთა ტიტუილი მაინც აქვს.

0.113663