„დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ბაქოს „ნეფთჩისთან“ მატჩის (1:2) შემდეგ პრესკონფერენცია გამართა. ქართველი სპეციალისტის განცხადებით, მისმა გუნდმა ბევრი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა და მარცხის მიუხედავად, ბაქოში მოსაგებად უნდა ითამაშონ.
„ერთი შეხედვით, ფაქტია, რომ დიდი უპირატესობა გვქონდა, მომენტებიც შევქმენით, მაგრამ წავაგეთ. ასეთი თამაშებით კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ასე უბრალოდ შეცდომის დაშვება არ შეიძლება. პირველ ნახევარში იმუშავა იმ სქემამ, რაზეც ვიმუშავეთ, დიდი უპირატესობა გვქონდა. მათმა მეკარემ ძალიან მაღალ დონეზე ითამაშა. კარგად თუ გავაანალიზებთ ამ თამაშს, შინ წაგების მიუხედავად სტუმრად გამარჯვებაზე უნდა ვითამაშოთ. უფრო კარგად თუ გამოვიყენებთ იმ მინუსებს, რაც „ნეფთჩის“ აქვს, შეგვიძლია ამ თამაშის მობრუნება. რა თქმა უნდა, „ნეფთჩიც“ გააკეთებს ანალიზს, ისინიც რაღაცებს გაითვალისწინებენ, მაგრამ შანსი არ დაგვიკარგავს.
გვინდოდა რამდენიმე ფეხბურთელის დამატება, მაგრამ დროში გაიწელა და მხოლოდ ოსეი მოესწრო. უნდა ითქვას, რომ პრობლემა კომპლექსურია, არა მხოლოდ ფინანსური, ეს საქართველოა. იყო ერთი შემტევი, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობდი, მაგრამ სხვაგან წასვლა არჩია. თუმცა, თავიდან მოლაპარაკებულები ვიყავით, ფორმაშიც იყო, მაგრამ ბოლოს უკეთეს ლიგაში წასვლა ამჯობინა.
დღეს შეიძლებოდა მინიმუმ არ წაგვეგო, მაგრამ არაუშავს, ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ. მესმის, რომ გულშემატკივარს პრეტენზია აქვს, შედეგი უნდა, საქართველოში უნდა დასრულდეს კარგად ვითამაშეთ, მაგრამ წავაგეთ. თუმცა, ფაქტია, დღესაც ასე გამოვიდა. ვეცდებით, რომ გამოვასწოროთ.
„ნეფთჩი“ ძალიან სწრაფი გუნდია და ეს კარგად ვიცოდით. ძალიან კარგად გამოგვდიოდა პირველ ტაიმში დაკარგული ბურთის დაბრუნება. რა თქმა უნდა, გვყავდა ფეხბურთელები, რომლებიც 65-ე წუთის მერე შესაცვლელი იყო და ეს გავაკეთეთ კიდეც. ყველაზე დიდი პრობლემა ის იყო, რომ ვჩქარობდით მეორე გოლის შემდეგ. ეს იყო ყველაზე დიდი შეცდომა, მაგრამ ფეხბურთელის ფსიქოლოგიაა, რადგან როცა პირველ ტაიმში გოლს უშვებ, იცი, რომ წინ დიდი დრო გაქვს, ხოლო მეორე ტაიმში ასე აღარაა და ამან იმოქმედა. ბევრი მომენტი გვქონდა, ვერ გამოვიყენეთ და წაგების მთავარი მიზეზი ეს არის. გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდით გულის წყვეტისთვის. თუმცა, „ნეფთჩი“ ძალიან კარგი გუნდია, დამსახურებულად გახდა აზერბაიჯანის ჩემპიონი, „ყარაბაღს“ აჯობა და ეს ნიშნავს, რომ საკმაოდ სერიოზული გუნდია. გეთანხმებით, რომ გამოცდილების ნაკლებობა იყო. გამოცდილ ფეხბურთელს მომენტის შესრულება გაცილებით უკეთ შეუძლია. მეტოქის რიგებში ყველაზე მთავარი ფიგურები იყვნენ მეკარე, ალასგაროვი, მაჰმუდოვი, სამივე ადგილობრივი ფეხბურთელები, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ლეგიონერები ჰყავთ. ალბათ ეს იყო გადამწყვეტი და ეს პლუსი აქვთ“, - თქვა ცხადაძემ.
შეგახსენებთ, რომ „დინამოსა“ და „ნეფთჩის“ საპასუხო მატჩი 14 ივლისს, ბაქოში გაიმართება.