დაახლოებით ათი წელია, ჩეხი კაროლინა პლიშკოვა უიმბლდონის ნახევარფინლში გასვლას ვერაფრით ახერხებდა. მაგრამ ეს მომენტი მიმდინარე ჩემპიონატისას დაუდგა, მას შემდეგ, რაც შვეიცარიელ ვიკტორია გოლუბიჩს 6-2, 6-2 მოუგო.
ორივე ჩოგბურთელმა ბალახის დიდი სლემის ტურნირის მეოთხედფინალში პირველად ითამაშა. ისინი ერთმანეთს პირველ კორტზე დაუპირისპირდნენ და მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი ერთი თავით მაღლა აღმოჩნდა.
„შემდგომ ეტაპზე გასვლით ძალიან გახარებული ვარ. ეს ჩემი პირველი ნახევარფინალია. ძალიან ბევრი ვივარჯიშე იმისთვის, რომ ამ კორტზე მეთამაშა. ამ მომენტით ვისიამოვნებ, რადგან ეს აქამდე არასდროს მომხდარა“, - განაცხადა პლიშკოვამ, ვისი მომდევნო მეტოქე, ბელარუსი არინა საბალენკაა.
შეხვედრა თავსხმა წვიმაში ჩატარდა, წვიმა გამჭვირვალე სახურავზე დაცემისას, ძლიერ ხმაურს გამოსცემდა, რამაც უჩვეულო ატმოსფერო შექმნა. წვიმა ბურთზე ჩოგნის დარტყმის ხმებს სრულად ფარავდა.
პლიშკოვამ მეოთხე გეიმშივე სცადა მეტოქის მოწოდებაზე მოგება, მაგრამ გოლუბიჩმა ერთადერთი ბრეიკ პოინტი მოიგერია და ანგარიში გაათანაბრა (2-2). თუმცა აქედან მოყოლებული, პირველ კორტზე ჩეხი გაბატონდა, ვინც ზედიზედ შვიდი გეიმი მოიგო. ამით, პირველი სეტიც მოგებით დაასრულა და მეორეშიც 3-0 დაწინაურდა.
სხვათა შორის, მსგავსი სიტუაცია ამ ჩოგბურთელების სხვა შეხვედრაშიც (რომელიც აქამდე ერთადერთი იყო მათ შორის) დაფიქსირდა. მაშინ პლიშკოვას სეტი ჰქონდა მოგებული და მეორეს 4-2 იგებდა, მაგრამ გოლუბიჩმა ის თამაში მოიგო. თუმცა, ჰარი პოტერის ფან შვეიცარიელს მსგავსი რამ აღარ გამოუვიდა. სხვათა შორის, მას შეეძლო, სახელოვანი მარტინა ჰინგისის შემდეგ გამხდარიყო პირველი შვეიცარიელი ქალი ჩოგბურთელი, ვინც უიმბლდონის ნახევარფინალში გავიდოდა (ჰინგისმა ეს ბოლოს 1998 წელს შეძლო). მაგრამ ასე არ მოხდა.
გოლუბიჩმა მაინც სცადა. და მეშვიდე გეიმში, როცა 2-4 აგებდა, სამი ბრეიკ პოინტი მოიპოვა. თუმცა ვერცერთი გამოიყენა. შემდეგ პლიშკოვამ სამი მატჩ პოინტი გაანიავა, მაგრამ იქვე მეტოქემ თავად დაუშვა შეცდომა და შეხვედრაც ამით დასრულდა. შეხვედრის შემდეგ გოლუბიჩმა აღიარა, რომ პლიშკოვას მოწოდების მოგერიება უბრალოდ, შეუძლებელი იყო.
სხვათა შორის, ქალთა ბადეში ყველაზე მეტი ეისი ჯერჯერობით სწორედ პლიშკოვას აქვს - 40. ამათგან რვა გოლუბიჩთან შეხვედრაზე მოდის. ამასთან, პირველ მოწოდებაზე ქულების 81 პროცენტი აქვს მოგებული.