ავსტრალიის დიდი პრიზი ზედიზედ მეორედ გაუქმდა. რაც იმას ნიშნავს, რომ სეზონის 21-ე ეტაპის ადგილზე, კალენდარში ცარიელი ადგილი დარჩა. რბოლის ორგანიზატორებმა ვერ შეძლეს ავსტრალიის დაყოლიება იმაზე, რომ ფ1-ის გუნდების წევრებზე, საკარანტინო შეზღუდვები დროებით გაეუქმებინა.
„ვწუხვართ, მაგრამ იძულებულნი ვართ გამოვაცხადოთ, რომ ავსტრალიის დიდი პრიზი, ქვეყანაში არსებული პანდემიური შეზღუდვების და ამით გამოწვეული ლოჯისტიკური გამოწვევების გამო, არ გაიმართება“, - ნათქვამია ორგანიზატორთა განცხადებაში. ავსტრალიის დიდი პრიზი მელბურნში, 21 ნოემბერს უნდა ჩატარებულიყო.
რაც შეეხება მოტორგრანპრის მსოფლიო ჩემპიონატის ავსტრალიურ ეტაპს, რომელიც ფილიპ აილენდზე, 24 ოქტომბერს იყო დანიშნული, ისიც გაუქმდა. ორივე რბოლა არც გასულ სეზონში ჩატარებულა.
როგორც წესი, ავსტრალიის რბოლა სეზონს ხსნის ხოლმე. მაგრამ შარშან მელბურნის რბოლა, თავისუფალი პრაქტიკების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გაუქმდა. წელს ორგანიზატორებმა, ფ1-ს რბოლის შემოდგომისთვის გადატანა სთხოვეს იმ იმედით, რომ პანდემია უკან დაიხევდა და შეზღუდვები მოიხსნებოდა. მაგრამ ასე არ მოხდა.
ფორმულა ერთმა უკვე გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მიმდინარე სეზონში, ყველაფრის მიუხედავად, 23 ეტაპი ჩატარდება. ოღონდ, ჯერ არაფერია ცნობილი იმაზე, თუ რომელი ტრასა დაიკავებს მელბურნის ადგილს.