ბრაზილიის ნაკრების ლიდერმა, ნეიმარმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მიმდინარე კოპა ამერიკა 2021-ის ფინალში არგენტინის ნაკრებთან შეხვედრა სურს.
„არგენტინასთან შეხვედრა მინდა. ნახევარფინალში მათ ვუქომაგებ. ამ გუნდში ბევრი მეგობარი მყავს. ფინალში კი ბრაზილია გაიმარჯვებს.“ - ციტირებს ნეიმარის სიტყვებს AmericaTV.
წუხელ ბრაზილიელებმა ტურნირის პირველ ნახევარფინალში, პერუს ეროვნულ გუნდს 1:0 მოუგეს. ერთადერთი გოლი 35-ე წუთზე ლუკას პაკეტამ გაიტანა ნეიმარის პასით.
მეორე ნახევარფინალურ მატჩში ერთმანეთს არგენტინისა და კოლუმბიის ნაკრებები შეხვდებიან 7 ივლისს, ქალაქ ბრაზილიაში. თამაში თბილისის დროით დილის 5 საათზე დაიწყება.
ფინალი კი 11 ივლისს გაიმართება რიო დე ჟანეიროს „მარაკანას“ სტადიონზე.