უიმბლდონზე ახალი ვარსკვლავი გამოჩნდა. ესაა ბრიტანელი ემა რადუჩანუ, ვინც ტურნირს უკვე გამოთიშა საფრანგეთის 2019 წლის ღია პირველობის ჩეხი ფინალისტი მარკეტა ვონდროუსოვა. შემდეგ კი მსოფლიო რეიტინგში 45-ე ადგილზე მყოფ რუმინელ სორანა კირსტეას 6-3, 7-5 მოუგო და მეოთხე წრეში თამაშის უფლება მოიპოვა. ეს კი 18 წლის ჩოგბურთელისთვის უკვე დიდი წარმატებაა.
რადუჩანუ, ვინც კანადაშია დაბადებული და რუმინელი მამა და ჩინელი დედა ჰყავს, კირსტეასთან შეხვედრაში, თავიდან 1-3 ჩამორჩა. მაგრამ ლონდონელმა ჩოგბურთელმა უმალ ბრეიკით უპასუხა და ამას კიდევ მომდევნო ოთხ გეიმში გამარჯვება მოაყოლა, რითაც სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულა.
უფრო მეტიც, მეორე სეტშიც, მან პირველი სამი გეიმი მოიგო. კირსტეა ვერაფერს უხერხებდა თინეიჯერი მეტოქის გააზრებულ თამაშს და საკუთარ სერვისზეც არაფერი გამოსდიოდა. მაგრამ შემდეგ უცებ გამოასწორა თამაში და ზედიზედ სამი გეიმის მოგებით, სეტში ანგარიში გაათანაბრა - 3-3.
აქედან მოყოლებული, მეტოქეებმა საკუტარი ორ-ორი გეიმი მოიგეს. მე-11 გეიმში კი რადუჩანუმ ისევ გაიბრწყინა, ბრეიკი აიღო, რასაც თავის მოწოდებაზე ერთი გეიმიც მოაყოლა და შეხვედრას, რომელიც საათი და 40 წუთი გაგრძელდა, წერტილი დაუსვა.
„სიტყვები არ მყოფნის, ასეთ დიდ კორტზე პირველად ვითამაშე. დასაწყისშივე მივეჩვიე განსხვავებულ სიტუაციას, რაშიც მაყურებელი დამეხმარა. როცა ტურნირზე სათამაშოდ აუცილებელ, ჩაკეტილ სისტემაში გადასასვლელად ვემზადებოდი, ჩემმა მშობლებმა მკითხეს, ჩანთაში მეტისმეტად ბევრს ხომ არ ალაგებო? დღეს ბევრი რეცხვა მომიწევს“, - განაცხადა რადუჩანუმ, ვინც WTA-ს ტურზე თამაში ივნისში დაიწყო და უიმბლდონის დაწყებამდე, რეიტინგში 338-ე ადგილი ეკავა.