ავტოსპორტი

21:48 | 3.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფერსტაპენი ისევ პოულზეა
ლანდო ნორისს პირველ პოულამდე 0.048 წამი დააკლდა...

მაქს ფერსტაპენი დაუმარცხებელი ძალა გახდა. მან ავსტრიის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლაც მოიგო და მთავარ რბოლას მოწინავე პოზიციიდან დაიწყებს. მას სულ რაღაც, 0.048 წამით ჩამორჩა „მაკლარენის“ ლანდო ნორისი, მესამე შედეგი კი ფერსტაპენის თანაგუნდელ სერხიო პერესს ჰქონდა.

მხოლოდ მეოთხე დროს დასჯერდა ლუის ჰამილტონი, ვინც კვალიფიკაციამდე რამდენიმე საათით ადრე, „მერსედესთან“ კონტრაქტი ორი წლით გააგრძელა. მოგვიანებით, სამქიმიანებმა წარუმატებელი კვალიფიკაციის მიზეზი ახსნეს: ორივე მანქანა რბოლის შესაბამისად იყო მომართული. ასე კი, პოულისთვის ბრძოლა, მითუმეტეს ფერსტაპენთან, შეუძლებელია.

თავად ფერსტაპენიც უკმაყოფილო დარჩა. საქმე ისაა, რომ კვალიფიკაციის ბოლო ცდაზე, გუნდმა ის ტრასაზე პირველი გაუშვა. ამგვარად, ჰოლანდიელს წინ მიმავალი მანქანის მიერ დატოვილი გაუხშოებული ჰაერით სარგებლობის საშუალება არ მიეცა. თავად კი სლიპსტრიმით ნორისი ასარგებლა, ვინც რბოლას პირველი რიგიდან პირველად დაიწყებს.

კვლავ შესანიშნავად იასპარეზა ჯორჯ რასელმა, ვისაც შტირიის დიდი პრიზის კვალიფიკაციის მესამე ნაწილში გადასასვლელად, 0.008 წამი არ ეყო. ამჯერად კი თავად 0.006 წამით აჯობა მე-11 ადგილზე გასულ კარლოს საინსს. მისი წყალობით, „უილიამსი“ ნელ-ნელა ახერხებს პელოტონის ბოლოდან თავის დაღწევას.

ავსტრიის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

  1. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1'03.720
  2. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 0.048
  3. სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 0.270
  4. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 0.294
  5. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 0.329
  6. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 0.387
  7. იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) 0.553
  8. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ასტონ მარტინი) 0.850
  9. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 0.871
  10. ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) 0.898
  11. კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) 0.839
  12. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 0.880
  13. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, მაკლარენი) 0.999
  14. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ალპინი) 1.136
  15. ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 1.363
  16. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 1.289
  17. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 1.331
  18. ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 1.475
  19. მიკ შუმახერი (გერმანია, ჰაასი) 1.707
  20. ნიკიტა მაზეპინი (რუსეთი, ჰაასი 2.231
0.131425