38 წლის ლეგენდარული დანიელ (დანი) ალვეში ტოკიოს ოლიპიადაზე ითამაშებს ბრაზილიის ნაკრებში და ამით ის უსაზღვროდ ბედნიერია. მსოფლიოს ყველაზე ტიტულიანი ფეხბურთელს (43 ტიტული), ბავშვობაში ცემენტის საწოლზე ეძინა და დილით 4 საათზე იღვიძებდა, რათა ფერმაში წასულიყო და იქ ქიმიკატები მიეფრქვია მცენარეებისთვის. სკოლა სახლიდან 12 კილომეტრის მოშორებით იყო და ტრანსპორტი არ არსებობდა..
ფიფას ოფიციალური ვებ-გვერდის ჟურნალისტები ორიოდ დღის წინათ ესაუბრნენ მას. ამ ინტერვიუს მცირე შემოკლებთ გთავაზობთ.
ფიფა: ბრაზილიის ოლიმპიური ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ანდრე ჟარდინმა, გვითხრა, რომ თვალები გაგიბრწყინდათ, როცა ნაკრებში გამოძახების შესახებ გამცმოთ...
დანი ალვეში: ეს სენსაციას ჰგავდა. ადრე არასოდეს განმეცადა მსგავსი გრძნობა. ყოველთვის ვოცნებობდი ოლიმპიადზე თამაშს. ოლიმპიადა ხომ განსაკუთრებული მოვლენაა.
პატრიოტი ვარ და ბრაზილიის ეროვნული თუ ოლიმპიური ნაკრების მაისურის მორგება დიდი სიხარული და პასუხისმგებლობაა ჩემთვის.
ფიფა: 38 წლის ხარ. ოლიმპიურ ნაკრებში მხოლოდ სამი ასაკოვანი ფეხბურთელის მიწვევა შეიძლება. ფიქრობდით, რომ ამ ტურნიზე ვერასოდეს ითამშაბდით?
დანი ალვეში: არასოდეს ვფიქობ, რომ შანსი აღარ მაქვს. მჯერა საკუთარი თავის და ეს ჩემი ცხოვრების წესიდან გამომდინარეა. ის თუ როგორ ვუვლი თავს, როგორ ვვარჯიშობ. ახლა, როცა ვფიქრობ, რომ ოლიპიადაზე ბრაზილიის ღირსებას დავიცავ და შესაძლოა, ოქროს მედალიც მოვიგო, პასუხისმგებლობა მიათმაგდება და ამით ვცხოვრობ.
ფიფა: ყველაზე ტიტულიანი მოთამაშე ხარ ფეხბურთის ისტორიაში. რას ნიშნავს შენთვის ოლიმპიური ოქროს მედალი?
დანი ალვეში: ყველა ტიტულს თავისი მნიშვნელობა აქვს. მაგრამ არსებობს გამორჩეულებიც. ოლიმპიური ოქრო ისეთივე იქნება, როგორიც მსოფლიო ჩემპიონატისა. ეს შეჯიბრებები ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება და იქ მსოფლიოს საუკეთესო გუნდები და სპორტსმენები იკრიბებიან. ეს რაღაც განსაკუთრებული, მაგიური სამყაროა. შევეცდებით, ჩვენს ქვეყანას კიდევ ერთი ოქრო მოვუპოვოთ.
ფიფა: მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს ისურვებდი?
დანი ალვეში: სიმართლე გითხრათ, ეს ჩემი ყველაზე სანუკვარი მიზანია. ოლიმპიადაზე გამოძახება, ცხადია, სასიამოვნო სიურპრიზია, მაგრამ მუნდიალი სულ სხვაა. როცა „პარი სენ-ჟერმენიდან“ წამოვედი, საკუთარ თავს შევპირდი, რომ ყველაფერს გავაკეთებდი ყატარის მუნდიალზე მოსახვედრად.
ცხოვრებაში დიდი მიზნები უნდა დაისახო და თამამად მიჰყვე მათ. შეიძლება მიაღწიო მიზანს, შეიძლება ვერა, მაგრამ თუ ვერ მოვხვდი ტურნირზე, ესე იგი, ჩემი ბრალია და ამას სხვა მოთამაშე გააკეთებს ჩემს მაგიერ, მე კი ნაკრების ყველაზე დიდი გულშემატკივარი ვიქნები.
ფიფა: ნეიმარზე რას ფიქრობ?
დანი ალვეში: იშვიათი გენიოსია. შეუფასებელი. სერთოდ, ჩვენს ქვეყანაში წარმატება ლამის დანაშულის ტოლფასია. ნეის პრობლემა ის არის, რომ ის ბრაზილიელია. ის რომ სხვა ქვეყნიდან იყოს და იმავეს აკეთებდეს, რასაც ახლა, ბრაზილიელები გაცილებით მეტად დააფასებდნენ.
ის ბავშვებს აყვარებს ფეხბურთს. როცა პატარა ვიყავი, სწორედ ბრაზილიელი ფეხბურთელების მაგიურმა თამაშმა შემაყვარა სპორტის ეს სახეობა. ბოლო დროს ტაქტიკურ სქემებში გაბმული ფეხბურთი ცოტა მოსაწყენი გახდა. ფეხბურთი ხელოვნება უნდა იყოს, რაღაც ძალიან ლამაზი. ზუსტად ასეა, როცა ნეის უცქერ. მასსავით მაგიური დღეს არავინაა.
ფიფა: ვინ იყვნენ ის ჯადოქრები, ფეხბურთი რომ შეგაყვარეს?
დანი ალვეში: რონალდინიოსა და რომარიოს მაგია მიყვარდა. მაგრამ ჩემი კერპი კაფუ გახლდათ. მისი ისტორია, მიზანმიმართულობა და მებრძოლეობა აღმაფრთოვანებდა.
ფიფა: გაიხსენეთ „ბარსელონა.“
დანი ალვეში: მიმაჩნია, რომ ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო გუნდში ვთამაშობდი. ასეთი ჯადოსნური კრებული არასოდეს მინახავს. 90 წუთის განმავლობაში აღმაფრენის ერთ ტალღაზე ვთამაშობდით. მსოფლიო დონის ვარსკვლავები ბავშვებივით იყვნენ. თან ვთამაშობდით, თან ვერთობოდით.
გვყავდა ერთი განსაკუთრებული მოთამაშე - ლეო მესი. ბევრი ვარსკვლავი მინახავს, მაგრამ ამდენი წლის განმავლობაში უმაღლეს დონეზე თამაში... მიუხედავად იმისა, რომ არგენტინელია, მესი ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშედ მიმაჩნია.
ფიფა: რთული ბავშვობა გქონდა...
დანი ალვეში: გამიმართლა, რომ მშობლები მყავს. ისინი ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ შინ მისულს, მაგიდაზე ცხელი საჭმელი დამხვედროდა. ყოველთვის ჩემი გმირები იქნებიან. თუმცა ბევრი რამ არ მქონდა და ადრეული ასაკიდან მიწევდა მუშაობა. სწორედ ამან მასწავლა, როგორ უნდა იცხოვრო, რომ ოცნებები ოცნებებად არ დარჩეს.
ფიფა: ამჟამად 43 ტიტულს ფლობ. ხომ არ გიფიქრია, პირველი ფეხბურთელი გახდე, ვისაც 50 ტიტული ექნება?
დანი ალვეში: ვფიქრობ ხოლმე რამხელა შრომის ფასად დამიჯდა ეს მიღწევები. თუმცა, რატომაც არა, 50 კი არა, მეტზეც ვფიქრობ. ვნახოთ...