რაგბი

2:18 | 3.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლევან მაისაშვილი: "რომ არა უდისციპლინობა, ტაიმს მოვიგებდით"

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა სამხრეთ აფრიკასთან (9:40) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ქართველი სპეციალისტის განცხადებით, უდისციპლინობის გამო გუნდმა ორი ლელო მიიღო, რამაც თამაშზე გადამწყვეტი გავლენა იქონია.

„35-ე წუთამდე თამაშს ვიგებდით და საწყენია, რომ უდისციპლინობის გამო ორი ლელო გავუშვით. რიგ შემთხვევებში შეცდომის დაშვებას მეტოქე გაიძულებს, თუმცა არის სიტუაციები, როდესაც ეს დაუფიქრებლობით მოგდის. სამწუხაროდ, ეს თანმდევია, როდესაც ასეთი დონის მეტოქეს ეთამაშები. თუ კაცნაკლული რჩები, ის ყოველთვის ახერხებს ქულების აღებას და ორი ლელო მივიღეთ.

მეორე ტაიმში რამდენიმე იძულებითი გადაადგილება მოგვიწია. შეტევაში იყო ეპიზოდები, რომელთა ქულებში ასახვა სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ. ვიყავით ბრძოლისუნარიანები, მაგრამ ლოგიკურია, რომ მსოფლიოს ჩემპიონთან შეცდომები გვქონდა. ფაქტია, ამ გუნდმა იაპონიაში მხოლოდ ერთი საკუთარი დერეფანი დათმო, ჩვენ კი სამ აუტში შევუშალეთ ხელი და მოლების გაჩერებაც მოვახერხეთ. მთლიანობაში კმაყოფილი ვარ და მომავალ შეხვედრაში, დარწმუნებული ვარ პროგრესი გვექნება.

თამაშის წინ ვთქვით, რომ დაცვა იწყება შეტევით. მიუხედავად იმისა, რომ დებიუტში უხეში შეცდომის გამო ლელო მივიღეთ, გუნდი თამაშში დაღჩა. ვეცადეთ შეტევაში ბურთი გაგვეკონტროლებინა და გარკვეულწილად ეს გამოგვივიდა. შესვენების შემდეგ აფრიკელებმა ჩვენზე უკეთ მოახერხეს ბურთის კონტროლი. სტატიკურ სიტუაციებში რამდენიმე უხეში შეცდომა დავუშვით და ვერ გავუძელით. სწორედ ეს არის, რასაც უნდა შევეგუოთ.

ვფიქრობ, სამხრეთ აფრიკა კმაყოფილი უნდა იყოს ჩვენთან თამაშით. კონტაქტის არეალში, მოლში, შერკინებაში, კონკურენტუნარიანები ვიყავით და ტაიმსაც მოვიგებდით რომ არა უდისციპლინობა“.

შედეგით უკმაყოფილო იყო გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე:

სამხრეთ აფრიკა მსოფლიოს ჩემპიონი ტყუილად არ არის. ძალიან ძლიერი გუნდია და მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში სასურველი არ არის, ვფიქრობ გვქონდა უკეთ თამაშის შანსი. ვთვლი, რომ 80 წუთის განმავლობაში ბოლომდე ვიბრძოლეთ და დასანანია, რომ განსაკუთრებით პირველი ტაიმის მიწურულს, ორი დასანანი ლელო მივიღეთ, რამაც პირველი ტაიმი დაგვათმობინა. რაღაც ასპექტებში მეტოქეს ვაჯობეთ, რაც დასაფასებელია. მეორე მატჩამდე შეცდომებზე ვიმუშავებთ და ასეთ მარტივ გამოსავლებს მეტოქეს არ ვაჩუქებთ“.

RUGBY.GE

0.106947