ინგლისის ნაკრების ყოფილ ვარსკვლავს, ალან შირერს, მიაჩნია, რომ მის თანამემამულეებს ევრო 2020-ის მოგების საუკეთესო შანსი აქვთ. მეოთხედფინალში ისინი 3 ივლისს, რომში უკრაინის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდებიან.
„ჯერჯერობით ყველაფერი საუკეთესოდ ვითარდება. ინგლისს არასოდეს ექნება ევროს მოგების უკეთესი შანსი, ვიდრე ახლა. ვიცი, რომ შაბათს რომში თამაშობენ, მაგრამ წარმატების შემთხვევაში ისევ „უემბლიზე“ დაბრუნდებიან. ჯამში კი ლონდონში ექვსი მატჩი გამოუვათ. მეტი რაზე შეიძლება ვიოცნებოთ.
გერმანიასთან შეხვედრის წინ, ბევრი საუბარი იყო, რომ ტურნირს ვერ მოვიგებთ, რადგან შეიძლება საფრანგეთი, პორტუგალია ან კიდევ ვინმე ძლიერი შეგვხვედროდა. ახლა საქმე უფრო გაიოლდა. გერმანელები უკვე დავამარცხეთ, თანაც შთამბეჭდავად.“ - ციტირებს შირერის სიტყვებს Daily Mail.