ლივერპულის „ევერტონის“ მთავარ მწვრთნელად რაფაელ ბენიტესი დაინიშნა. ინფორმაცია ინგლისური გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.
ესპანელმა სპეციალისტმა „ევერტონთან“ 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და მუშაობას 5 ივლისიდან შეუდგება, როდესაც კლუბი ახალი სეზონისთვის მზადებას დაიწყებს. ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ ფანები ბენიტესის წინააღმდეგნი იყვნენ, გარიგება მაინც შედგა.
ბენიტესი კარლო ანჩელოტის შეცვლის, რომელიც მადრიდის „რეალში“ წავიდა. ესპანელი სპეციალისტი 2004-2010 წლებში „ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი იყო და „ევერტონის“ მთავარ მტერს ჩემპიონთა ლიგაც მოაგებინა (2005 წელს). რაფა ბენიტესს „ლივერპულის“ გარდა, არაერთ კლუბში უმუშავია, მათ შორის, „ვალენსიაში“, „რეალში“, „ინტერში“, „ჩელსიში“, „ნიუკასლსა“ და ჩინურ „დალიანში“.
აღსანიშნავია, რომ ბენიტესი მხოლოდ მეორე მწვრთნელია უილიამ ედვარდ ბარკლის შემდეგ, რომელმაც ორივე მერსისაიდული გუნდი ჩაიბარა. უილიამ ედვარდმა ეს ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში გააკეთა, როცა „ევერტონში“ მუშაობა 1888 წელს, ხოლო „ლივერპულში“ 1892 წელს დაიწყო.