ფეხბურთი

1:54 | 30.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

უკრაინელთა გმირობა 120-ე წუთზე: ევრო 2020-ზე მეოთხედფინალი დაკომპლექტდა

ევრო 2020-ზე ყველა მეოთხედფინალისტი გაირკვა და ბოლო ადგილი უკრაინამ შეავსო. ანდრეი შევჩენკოს გუნდი შვედეთთან ფავორიტად არ მიიჩნეოდა, მაგრამ მერვედფინალურმა ეტაპმა აჩვენა, რომ ფავორიტები ამ ტურნირზე არ არსებობენ.

უკრაინამ შვედეთს ძალიან გამართული ფეხბურთი დაუპირისპირა და თავისი შანსი გამოიყენა. ანგარიში 27-ე წუთზე ოლექსანდრ ზინჩენკომ გახსნა და უკრაინა დააწინაურა, ხოლო ტაიმის ბოლოს ემილ ფორსბერგმა გაათანაბრა.

მეორე ტაიმში ორივე გუნდს შეეძლო გატანა. ერთხელ უკრაინელებმა მოარტყეს ბურთი ძელს, შემდეგ შვედების ჯერი დადგა და ემილ ფორსბერგმა ჯერ ძელი და მერე ხარიხა შეარხია. დეიან კულუშევსკის კი გეორგი ბუშჩანმა მაგარი ბურთი აუღო. საბოლოოდ, ძირითად დროში არაფერი შეცვლილა და თამაში დამატებით დროში გადავიდა.

97-ე წუთზე შვედეთს მცველი, მარკუს დანიელსონი გაუძევეს და რიცხობრივ უპირატესობაში იანე ანდერსონის გუნდი მხოლოდ კარის უსაფრთხოებაზე ზრუნავდა. თუმცა, 120-ე წუთზე გაუშვა. არტიომ დოვბიკმა თავით შეაგდო და უკრაინას ისტორია დააწერინა. სხვათა შორის, მისი გოლი ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში რიგით ყველაზე მეორე გვიანი გოლია და მხოლოდ თურქ სემიჰ სენთურქს აქვს უფრო გვიან გატანილი, 121-ე წუთზე ხორვატიასთან 2008 წელს.

ანდრეი შევჩენკოს გუნდი მეოთხედფინალში ინგლისის ნაკრებს დაუპირისპირდება. ამრიგად, ყველა წყვილი ცნობილია:

შვეიცარია - ესპანეთი (2 ივლისი)

ბელგია - იტალია (2 ივლისი)

ჩეხეთი - დანია (3 ივლისი)

უკრაინა - ინგლისი (3 ივლისი)

აღსანიშნავია, რომ მეოთხედფინალში 3 ისეთი ნაკრები გავიდა, რომელმაც ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა. ზოგადად, მერვედფინალში წინასწარ ფავორიტად შერაცხულ გუნდებს კარგი დღე არ დაუდგათ. შევთანხმდეთ, რომ ბელგია - პორტუგალიისა და ინგლისი - გერმანიის წყვილებში ფავორიტები გამოკვეთილი არ იყო, აი დანარჩენ ექვს წყვილში კი მხოლოდ იტალიამ, დანიამ და ესპანეთმა მოახერხეს მომდევნო ეტაპზე გასვლა, რომელთა შანსი თამაშამდე უფრო ფასობდა.

ვნახოთ, გაგრძელდება თუ არა ეს ტენდეცია მეოთხედფინალში, მანამდე კი ევრო 2020-ზე ორდღიანმა პაუზამ დაისადგურა.

შვედეთი - უკრაინა 1:2 დ.დ (1:1)

გლაზგო, „ჰემპდენ პარკი“

შვედეთი (4-4-2): ოლსენი; ლუსტიგი (კრაფტი 83), ლინდელოფი, დანიელსონი, აუგუსტინსონი (ბენგტსონი 83); ლარსონი (კლაესონი 97), ოლსონი (ჰელანდერი 101), ეკდალი, ფორსბერგი; კულუშევსკი (ქუაისონი 97), ისაკი (ბერგი 97)

მწვრთნელი: იანე ანდერსონი

უკრაინა (3-5-2): ბუშჩანი; ზაბარნი, კრივცოვი, მატვიენკო; კარავაევი, სიდორჩუკი (ბეზუსი 118), სტეპანენკო (მაკარენკო 95), შაპარენკო (მალინოვსკი 61), ზინჩენკო; იარმოლენკო (დოვბიკი 106), იარემჩუკი (ბესედინი 91, ციგანკოვი 101)

მწვრთნელი: ანდრეი შევჩენკო

გოლები: 0:1 ზინჩენკო (27), 1:1 ფორსბერგი (43), 1:2 დოვბიკი (120)

გაფრთხილება: კულუშევსკი (69), ფორსბერგი (85) - იარმოლენკო (79)

გაძევება: დანიელსონი (98)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 10 (3) – 12 (4) ბურთის ფლობა: 46%-54% კუთხურები: 6:2 თამაშგარე: 2:3

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი (უეფას ვერსიით): ოლექსანდრ ზინჩენკო (უკრაინა)

მსაჯი: დანიელე ორსატო (იტალია)

0.263453