საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონს პირველივე წრეში გამოეთიშა, მაგრამ ისეთი რამ გააკეთა, რაც დიდი ხნის განმავლობაში დავიწყებას არ მიეცემა.
ბასილაშვილი ენდი მარის დაუპირისპირდა, რომელსაც ერთადერთი სეტი მოუგო, მაგრამ მოგებას ხომ გააჩნია?! მესამე სეტში ნიკოლოზი 0:5 მარცხდებოდა და შეხვედრასაც უშანსოდ აგებდა, თუმცა სასწაული მოახდინა და მარის ზედიზედ 7 გეიმი მოუგო! 0:5-დან 7:5! ეს წარმოუდგენელი ქამ-ბექია, რომელიც ნიკოლოზმა უიმბლდონზე გაახერხა და უდაოდ, წაგების მიუხედავად, ეს თამაში დაუვიწყართა კატეგორიაში შევიდა.
შეხვედრა 3 საათსა და 16 წუთს გაგრძელდა და ძირითადად მარის კარნახით მიმდინარეობდა. ბრიტანელმა ჯერ 6:4 და მერე 6:3 მოიგო და სეტებში დამაჯერებლად დაწინაურდა. ენდი მესამე სეტს კიდევ უფრო იოლად, 5:0-ს იგებდა, მაგრამ როგორც უკვე ვთქვით, ქართველმა მიჯრით 7 გეიმი მოიგო და ბრძოლაში დარჩა. ჯერი მეოთხე სეტზე მიდგა, რომელშიც ენდი მარი ისევ უშეცდომო იყო, 6:3 მოიგო და საბოლოოდ თამაშში 3:1 იმარჯვა.
ნიკოლოზ ბასილაშვილმა 5 ეისი შეასრულა და 6 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ხოლო მარი ორივე კომპონენტში შეუდარებელი იყო - 17 ეისი და არცერთი ორმაგი შეცდომა!
ამრიგად, ქართველი ჩოგბურთელი უიმბლდონს დაემშვიდობა, მაგრამ ერთადერთი მოგებული სეტიც საკმარისია იმისთვის, რომ ეს შეხვედრა არასდროს დაივიწყოს...
ენდი მარი - ნიკოლოზ ბასილაშვილი 3:1 (6:4, 6:3, 5:7, 6:3)