ლუის ჰამილტონი მზადაა, „მერსედესთან“ კონტრაქტი საზაფხულო არდადეგების დაწყებამდე გააგრძელოს. ბრიტანული სააგენტო „PA ნიუსი“ იუწყება, რომ მსოფლიოშ შვიდგზის ჩემპიონსა და გერმანულ გუნდს შორის მოლაპარაკება უკვე მიმდინარეობს და მხარეების შეთანხმებას მალე მიაღწევენ.
37 წლის ჰამილტონსაც და „მერსედესის“ შეფ ტოტო ვოლფსაც არ სურთ შარშანდელის გამეორება, როცა მათ შეთანხმება სეზონის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე გააფორმეს. მაშინ ერთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა. მაგრამ ვოლფი იმედოვნებს, რომ ამჯერად ბრიტანელ პილოტთან ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს.
ჰამილტონთან ახალი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, „მერსედესი“ იმასაც გადაწყვეტს, თუ ვინ ეყოლება მეორე პილოტად. ვალტერი ბოტასის კონტრაქტი ამ სეზონის ბოლოს იწურება. და სავარაუდოდ, მომავალი სეზონიდან მის ადგილს 23 წლის ბრიტანელი ჯორჯ რასელი დაიკავებს.
ახლახანს ჰამილტონმა დაუფარავად თქვა, რომ თანაგუნდელად ბოტასის დატოვება ურჩევნია. სამქიმიანებს რასელის გადმოყვანა სურთ, რადგან აშკარაა, რომ ეს პილოტი უკვე მზადაა ტოპ გუნდში ყოფნისთვის. თუმცა დიდი ალბათობით, ისინი ანგარიშს ჰამილტონის სურვილებსაც გაუწევენ.
„მერსედესმა“ ბოლო შვიდ სეზონში, პილოტების და კონსტრუქტორების ტიტულებიც არავის დაუთმო. მაგრამ მიმდინარე სეზონის რვა ეტაპის შემდეგ, ჰამილტონი მაქს ფერსტაპენს 18 ქულით ჩამორჩება, „რედ ბული“ კი „მერსედესს“ 40 ქულას უგებს.
შტირიის დიდი პრიზის შემდეგ, ვოლფმა განაცხადა, რომ მისი გუნდი წყვეტს მიმდინარე სეზონის მანქანაზე მუშაობას და სრულად გადაერთვება ახალი სეზონისთვის მზადებაზე, რომლისთვისაც რადიკალურად განსხვავებულ მანქანას ამზადებს.