ტურ დე ფრანსმა დღეს სტარტი ქალაქ ბრესტში აიღო. პირველივე ეტაპზე, მაყურებლის დაუდევრობის გამო, დიდი ინციდენტი მოხდა, რბოლა კი ფრანგმა მსოფლიო ჩემპიონმა, ჟულიან ალაფილიპმა მოიგო.
საფინიშო ბრძოლა თითქმის არ ყოფილა - ალაფილიპმა (დესონინკ-ქვიკ-სტეპი) 8 წამით აჯობა ავსტრალიელ მაიკლ მეტიუზს (ტიმ ბაიკექსჩეინჯ) და სლოვენიელ პრიმოჟ როგლიჩს (ჯუმბო-ვისმა). დანარჩენმა პელოტონმაც რბოლა 8-წამიანი ჩამორჩენით დაასრულა.
ალაფილიპმა დსტანციის მიწურულს შეუტია, როცა მცირე აღმართიღა იყო გასავლელი. ყვითელ მაისურთან ერთად, ალაფილიპმა ბონუსის სახით 10 ქულაც დაიმსახურა, რომელიც სპრინტერების ჩათვლაში (მწვანე მაისური) ჩაერიცხა.
ეტაპზე სულ ორი ინციდენტი მოხდა. ერთი დასაწყისში, რომელიც დაუდევარმა ფანმა გამოიწვია, მეორე კი - რბოლის მიწურულს. მაყურებელს აბრა გზის მხარეს ჰქონდა გამოფენილი. ისე მოხდა, რომ პელოტონს, რომელიც გზის სიგანეზე სრულად იყო გაშლილი, ზუსტად იმ ადგილზე უნდა გაევლო, მაყურებელმა აბრის მოშორება ვერ მოიფიქრა, რამაც ერთ-ერთ მრბოლს წონასწორობა დააკარგვინა და მან კიდევ რამდენიმე უკან მომყოლი „ჩაითრია“.
მეორე ინციდნტი გაცილებით რთული იყო. ის ფინშამდ 5 კილომეტრით ადრე, დაღმრთში მოხდა, როცა სიჩქარე 70 კმ/სთ-ს აღწევდა. მასობრივ ჩახერგვაში 20 ველომრბოლი დაეცა, მათ შორის, ტურის ოთხგზის ჩემპიონი კრის ფრუმიც.