სხვა

2:56 | 25.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

შა’ქარი რიჩარდსონი ტოკიოში 200 მეტრზე არ იასპარეზებს

მას შემდეგ, რაც 100 მეტრზე სპრინტში, ტოკიოს საგზურს დაეუფლა, ამერიკელმა შა’ქარი რიჩარდსონმა უარი ტქვა 200 მეტრზე სპრინტში, აშშ-ის ოლიმპიური გუნდის შესარჩევ ტურნირში ასპარეზობაზე და შესაბამისად, ამ დისტანციას ტოკიოშიც გამოტოვებს.

რიჩარდსონამდე იგივე გააკეთა მამაკაცებს შორის 100 მეტრზე გამარჯვებულმა ტრეივონ ბრომელმა. თუმცა შა’ქარისგან განსხვავებით, ის 200 მეტრზე ფავორიტთა შორის არ მოიაზრებოდა.

ქალთა 200 მეტრის წინასწარი გარბენები ხუთშაბათს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ აუტანელი სიცხის გამო, შეჯიბრი საღამოს საათებში გადაიტანეს და ამის გამო, ჩვენი დროით, პარასკევს დაიწყება. მამაკაცთა 200 მეტრი კი პარასკევს უნდა დაწყებულიყო და სავარაუდოდ, ისიც რამდენიმე საათით გადაინაცვლებს.

200 მეტრზე სპრინტის საკუთარი პროგრამიდან ამოღება, მოკლე სპრინტის სპეციალისტებისთვის სიახლე არაა. ამერიკელთაგან ბოლოს ორივე სპრინტში ოლიმპიადის შესარჩევზე მორის გრინმა და ლატაშა კოლანდერმა იასპარეზეს (2004 წელს). და ბოლო შემთხვევა, როცა ამერიკელმა ორივე სქესის სპრინტერებმა, ორივე დისტანციაზე შეძლეს ოლიმპიური საგზურის მოპოვება, 1988 წელს დაფიქსირდა, როცა ეს ლეგენდარულმა მორბენლებმა, კარლ ლუისმა და ფლორენს ფრიფიტ-ჯოინერმა შეძლეს.

სხვათა შორის, გრიფიტ-ჯოინერი რიჩარდსონის კერპია და ისიც მსოფლიო რეკორდსმენის მსგავსად, გრძელ ფრჩხილებს ატარებს. ცნობისათვის, გრიფიტ-ჯოინერი 1998 წელს, მოულოდნელად გარდაიცვალა (38 წლისა), 1988 წელს კი მან მსოფლიოს ორი რეკორდ დაამყარა (100 მეტრზე 10.49 წამი, 200 მეტრზე 21.34 წამი), რომლებიც ჯერაც არავის მოუხსნია.

21 წლის რიჩარდსონმა 100 მეტრი 10.86 წამით მოიგო და გარბენისას შემხვედრი ქარი უბერავდა. 19 წუთით ადრე, ნახევარფინალში მან იგივე დისტანციაზე 10.64 წამი დააფიქსირა, ოღონდ მაშინ სუსტი ზურგქარი უბერავდა.

რიჩარდსონი ტოკიოში ფავორიტთა შორის იქნება, თუმცა იქ არაერთი ძლიერი მეტოქე ეყოლება. მათ შორის, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი იამაიკიდან, შელი-ენ ფრეიზერ-პრაისი, ვისაც ორიოდ კვირით ადრე, 10.63 წამი აქვს დაფიქსირებული, რაც ქალ სპრინტერთა შორის, ყველა დროის მეორე საუკეთესო შედეგია. თუმცა 34 წლის ფრეიზერ-პრაისს იამაიკის ოლიმპიურ შესარჩევზე გამოსვლა წინ აქვს.

რიჩარდსონი 200 მეტრზე სპრინტის მსოფლიო რეიტინგში მესამე ადგილზეა. და პირველია ამერიკელებს შორის (22.11 წამით). 2019 წლიდან მოყოლებული, ამერიკელ ქალთა შორის, სხვა უსწრაფესები არიან კამბრეა სტურჯისი (22.12 წამი), ტამარა კლარკი (22.13 წამი) ენჯი ანელუსი (22.16 წამი), გაბი თომასი (22.17 წამი) და მსოფლიოს ვიცე ჩემპიონი ბრიტნი ბრაუნი (22.22 წამი) აშკარაა, რომ ამ დისტანციაზე გაცილებით მჭიდრო კონკურენცია იქნება.

200 მეტრზე სპრინტში შესარჩევზე ალბათ არ იასპარეზებს მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ელისონ ფელიქსი, ვინც 400 მეტრზე საგზური უკვე მოიპოვა. ის განაცხადში არის, მაგრამ საქმეს ის გარემოება ართულებს, რომ ტოკიოში, 200 და 400 მეტრზე სპრინტები პრაქტიკულად ერთდროულად არის დაგეგმილი.

0.262411