სხვა

2:03 | 22.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ელისონ ფელიქსი მეხუთე ოლიმპიადაზე იასპარეზებს

შტატ ორეგონის ქალაქ იუჯინში მიმდინარე მძლეოსანთა შესარჩევ ტურნირზე, ტოკიოს ოლიმპიადის საგზური მოიპოვა ექვსი ოლიმპიური ოქროს მფლობელმა ელისონ ფელიქსმა, ვისთვისაც ეს მეხუთე ოლიმპიური თამაშები იქნება. ტოკიოში ასევე გაემგზავრება 100 მეტრზე სპრინტერი ტრეივონ ბრომელი, ვინც შესანიშნავ სეზონს ატარებს.

ხუთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რიოს ოლიმპიადაზე, მძიმე ტრავმა მიიღო, 25 წლის ბრომელმა შესარჩევი ტურნირის ფინალი 9.80 წამში გაირბინა და უკან მოიტოვა 27 წლის რონი ბეიკერი და 26 წლის ფრედ კერლი, რომლებმაც ფინალში პირადი რეკორდები - შესაბამისად, 9.85 და 9.86 წამი დააფიქსირეს.

„ღმერთი არსებობს - ესაა ჩემი ერთადერთი პასუხი“, - განცხადა ბრომელმა, ვინც რიოს ოლიმპიადა, აქილევსის მყესის ტრავმით ინვალიდის სავარძლით დატოვა. ამ ტრავმის გამო, ბევრმა ჩათვალა, რომ ბრომელის სპორტული კარიერა დასრულდებოდა.

ხელი მოეცარა 39 წლის ჯასტინ გეტლინს, ვინც ოლიმპიადაზე მეოთხედ გასვლას იმედოვნებდა. მაგრამ აშკარად ეტყობოდა, რომ ფეხის ტრავმა ჰქონდა და საბოლოოდ, ბოლო ადგილს დასჯერდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, გეტლინმა ნახევარფინალური გარბენისას მუხლის ქვედა მყესის ტრავმა მიიღო.

არც ნოა ლაილსს გაუმართლა, ვინც ფინალი მეშვიდე ადგილზე დაასრულა. მან განაცხადა, რომ ასეთი შედეგი, ნელი სტარტის გამო ჰქონდა. „ჩემი მწვრთნელი მეუბნება, რომ ნელი სტარტი მაქვს. ამან აშკარად ხელი შემიშალა“, - განაცხადა ლაილსმა, ვინც 200 მეტრზე სპრინტში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია ამ დისტანციაზეც ეცდება ტოკიოს საგზურის მოპოვებას.

რაც შეეხება ფელიქსს, მან 400 მეტრზე სპრინტში მეორე ადგილი დაიკავა. მის გამოსვლას, ორწლინახევრის შვილი, კემრინი ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს. სწორედ მასზე მშობიარობა იყო ის ფაქტორი, რომელმაც კინაღამ ფელიქსის კარიერა დაასრულა და ორივეს სიცოცხლესაც საფრთხე შეუქმნა.

პირველი ადგილი კვანერა ჰეისმა დაიკავა, ვისაც ასევე შვილი ქომაგობდა. გარბენი როცა დასრულდა, ბავშვები ერთმანეთს გადაეხვივნენ. ფინიშამდე 5 მეტრი რომ რჩებოდა, ფელიქსი მეტოქეებს ჩამორჩებოდა, მაგრამ ბოლო ძალა მოიკრიბა და ჰეისის გარდა, ყველა უკან ჩამოიტოვა.

„აქამდე მოსაღწევად, ბრძოლა გადავიტანე. მე ვიცი, როგორ უნდა ვიბრძოლო. ჩემთვის მეხუთე ოლიმპიადა განსაკუთრებული მიღწევაა“, - განაცხადა 35 წლის ფელიქსმა, ვისაც მსოფლიო ჩემპიონატებზე 13 ოქროს მედალი აქვს მოპოვებული.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს საკეისრო კვეთით მშობიარობის შემდეგ, ფელიქსს კომპანია „ნაიკმა“ ანაზღაურების მკვეთრად შემცირება სცადა, რის გამოც, სპორტსმენმა ეს ამბავი საქვეყნოდ გაასაჯაროვა.

იუჯინში იასპარეზა 100 მეტრზე თარჯრბენში ოლიმპიურმა ჩემპიონმა ბრიანა მაკნილმა, ვინც მეორე ადგილი დაიკავა. თუმცა ტოკიოში მისი გამგზავრების საკითხი, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. დოპინგ საწინააღმდეგო წესების დარღვევის გამო, მაკნილს ხუთწლიანი დისკვალიფიკაცია აქვს მისჯილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118726