შა’ქარი რიჩარდსონი ჯერ ტიტულებით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ სწორედ ის არის სპრინტერი, რომელსაც ამერიკის ოლიმპიური გუნდისთვის, 100 მეტრზე სპრინტში ოქროს მედლის დაბრუნება შეუძლია.
ატლანტას 1996 წლის ოლიმპიადაზე გეილ დევერსის ტრიუმფის შემდეგ, ამ დისტანციაზე ამერიკელებს ოქრო არ აუღიათ. ბოლო სამ ოლიმპიადაზე კი ყველაზე პრესტიჟულ სახეობაში, იამაიკელი სპრინტერები პირველობას არავის უთმობდნენ.
ამერიკელ მძლეოსანთა ოლიმპიური შესარჩევი ტურნირის ფინალში, შა’ქარიმ ფინიშის ხაზი პირველმა, 10.87 წამში გადაკვეთა. შემდეგ კი ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ერთი კვირის წინ, თავისი ბიოლოგიური დედის გარდაცვალების შესახებ შეიტყო.
„ჩემი ოჯახის და მწვრთნელის გარდა არავინ იცოდა, თუ რა გამოვიარე“, - განაცხადა 21 წლის შა’ქარიმ, რომელმაც უკან ჩამოიტოვა 26 წლის ჯევიენ ოლივერი და 24 წლის ტეანა დანიელსი. სამივემ ტოკიოს საგზური მოიპოვა და ეს მათთვის პირველი ოლიმპიადა იქნება.
ტოკიოს საგზურისთვის ვეტერანი ოლიმპიელი, ელისონ ფელიქსიც იბრძვის. 35 წლის სპრინტერმა, ვისაც ოთხ ოლიმპიადაზე ცხრა მედალი აქვს მოპოვებული, 400 მეტრზე სპრინტის ნახევარფინალში, მეორე საუკეთესო დრო დააფიქსირა.
„ახლა დიდი გამოცდილება მაქვს, მაგრამ გარანტირებული არაფერია. ჩემი შანსისთვის ბრძლა მომიწევს და აქ სწორედ ამას ვაპირებ“, - განაცხადა ფელიქსმა, ვისი ცხრა ოლიმპიური მედლიდანაც, ექვსი ოქროსია.
რიჩარდსონის მსგავსად, ოლიმპიადაზე პირველად გამოსვლის შანსი აქვს 100 მეტრზე სპრინტერ ნოა ლაილსსაც, თუმცა მას გაცილებით მკაცრი კონკურენცია ელის. ნახევარფინალში მან 9.95 წამი დააფიქსირა, რაც ამ სეზონში, მისი პირველი სუბ 10-წამიანი შედეგია. ყველაზე პრესტიჟულ დისტანციაზე ჯერჯერობით საუკეთესო ტრეივონ ბრომელია (9.84 წამი).
ფინალში გავიდა 39 წლის ჯასტინ გეტლინი, ვისაც სამ ოლიმპიადაზე, ხუთი მედალი აქვს მოპოვებული. ნახევარფინალში მისი შედეგი 9.93 წამი იყო.