ფეხბურთი

2:11 | 17.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლოკატელი: "ამ ყველაფრის უკან დიდი შრომა დგას"

იტალიის ნაკრების ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ შვეიცარიასთან (3:0) დუბლი შეასრულა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. თამაშის შემდეგ მან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ძალიან ბედნიერია.

„ამ თამაშის უკან დიდი შრომა დგას. ვამაყობ, რომ ფანტასტიკური გუნდის წევრი ვარ და ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. აქ შრომის წყალობით მოვხვდი. მომავალი? ახლა ამაზე ფიქრი არ მინდა, მინდა ამ საღამოთი ვისიამოვნო.

პირველი გოლი ბერარდის ულამაზესი პასით გავიტანე, მეორე გოლი კი ყველა იტალიის გულშემატკივარს ეძღვნება, ვინც განიცდიდა. როგორც წესი, შეტევაში ასე არ ვერთვები, მაგრამ იმ მომენტში ეს გიჟური იდეა მქონდა და ყველაფერი კარგად დასრულდა. ვერატი? ის არის ფეხბურთელი, რომელსაც თამაშის შეცვლა შეუძლია. ახლა ასე გაგრძელებაზე უნდა ვიფიქროთ“, - თქვა ლოკატელიმ.

შეგახსენებთ, მანუელ ლოკატელი იტალიის ისტორიაში პიერლუიჯი კაზირაგისა და მარიო ბალოტელის შემდეგ მესამე ფეხბურთელია, ვინც ევროპის ჩემპიონატზე დუბლი შეასრულა. გარდა ამისა, მიმდინარე ევროზე ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელმაც გოლი გაიტანა - 23 წლის და 159 დღის.

იტალიის ნაკრებს 6 ქულა აქვს და მერვედფინალში თამაშის უფლება უკვე მოიპოვა, მაგრამ პირველი ადგილისთვის ბოლო ტურში 20 ივნისს, უელსს დაუპირისპირდება.

0.114723