გორის „დილა“ კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვაკურ „ჟილინას“ დაუპირისპირდება. მეტოქე ქართული გუნდის შესახებ ამ დროისთვის ინფორმაციას არ ფლობს, მაგრამ ადვილ მატჩებს არ ელოდებიან.
„ჩვენი ინფორმაციით, გორის „დილა“ მკაცრი მეტოქე უნდა იყოს, რომელიც კომპაქტურად, გუნდურად და ორგანიზებულად თამაშობს. ასე, რომ მარტივი არაფერი იქნება, ეს არის რეალობა არა უბრალოდ სიტყვა. პირველი თამაში შინ გვაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ საუკეთესო პოზიცია უნდა შევიქმნათ საპასუხო მატჩის წინ, რადგან საქართველოში ამ დროს ალბათ ძალიან ცხელა. ორი მატჩის ჯამში მომდევნო ეტაპზე გასვლა შეგვიძლია“, - თქვა „ჟილინას“ სპორტულმა დირექტორმა კაროლ ბელანიკმა.
წილისყრა სლოვაკური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა პავოლ სტანომ შეაფასა და თქვა, რომ მეტოქეს ჯერჯერობით არ იცნობს:
„ეს კლუბი ჩვენთვის ძალიან უცნობია. კარგად უნდა შევისწავლოთ და გულითადად მოვემზადოთ. მეტოქის თამაში ჯერ არ გვინახავს, ამიტომ, ანალიზის შემდეგ ნამდვილად მეტი გვეცოდინება, ვეცდებით, მასზე, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მივიღოთ“, - თქვა სტანომ.
შეგახსენებთ, პირველი მატჩი 8 ივნისს, სლოვაკეთში გაიმართება, ხოლო საპასუხო თამაში 15 ივლისს, გორში ჩატარდება.