ძიუდო

15:48 | 9.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალშია

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გრძელდება მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში, რომლის მეოთხე საშეჯიბრო დღეს ტატამზე ორი ქართველი გავიდა და ორივე 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში - ტატო გრიგალაშვილი და ლუკა მაისურაძე.

გრიგალაშვილი ნახევარფინალშია და ოქროს მედლისთვის იბრძვის. 21 წლის ქართველი ძიუდოისტი პირველი წრისგან თავისუფალი იყო და ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთო, სადაც სამხრეთ კორეელ მონ ჯინ ლის აჯობა. ტატომ ამის შემდეგ შვედი რობინ პაცეკი, ბერძენი ალექსიოს ნტანაციდისი და ბელგიელი სამი შოუში დაამარცხა. ნახევარფინალში მისი მეტოქე გამოცდილი ნიდერლანდელი ფრენკ დე ვიტი იქნება.

ამავე წონაში ლუკა მაისურაძემ კარგად დაიწყო გამოსვლა და ამერიკელი არტურ რაიტი და კანადელი ეტიენ ბრიანდი დაამარცხა, მაგრამ უზბეკ შაროფიდინ ბოლტაბოევთან მარცხი განიცადა.

შეგახსენებთ, მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს აქტივში ჯერჯერობით ერთი ოქროს მედალია, რომელიც 8 ივნისს, 73 კგ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილმა მოიგო, რომელიც პირველი ქართველი ძიუდოისტი გახდა, ვინც ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონობა მოახერხა.

0.113675