რაგბი

20:08 | 8.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბორჯღალოსნები | ზაფხულის ტესტების მსაჯები

მსოფლიო რაგბმა ზაფხულში გასამართი ტესტ-მატჩებისთვის, მათ შორის ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების სამხრეთ აფრიკული ტურნესთვის, მსაჯები და ოფიციალური პირები დანიშნა.

ივლის-აგვისტოში 44 მატჩი მატჩი შედგება და მათ ჯამში 8 ქვეყნის 21 რეფერი მოემსახურება. სასიხარულოა, რომ მათგან ერთ-ერთი ქართველი ნიკა ამაშუკელია, რომელიც 3 ივლისს უელსი-კანადის, ხოლო 10 ივლისს რუმინეთი-შოტლანდიის მატჩს იმსაჯებს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ტიერ2-ის ქვეყნის წარმომადგენელი მსაჯი, ტიერ1 ქვეყნის ნაკრების თამაშს მოემსახურება.

ზაფხულში ბორჯღალოსნები ტიერ1-ის ქვეყნებთან სამ ტესტს გამართავენ და ცნობილი გახდა იმ მსაჯების ვინაობაც, რომლებიც 2 და 9 ივლიის სამხრეთ აფრიკასთან, ხოლო 17 ივლისს შოტლანდიასთან გვიმსაჯებენ.

2 ივლისს მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, ფინალური მატჩის მოგების (2019 წლის 2 ნოემბერი) შემდეგ პირველ მატჩს ბორჯღალოსნებთან გამართავს და მთავარი მსაჯი შოტლანდიელი მაიკ ადამსონი იქნება.

37 წლის მსაჯი 2014 წლამდე საერთაშორისო დონის მოთამაშე იყო. ის სხვადასხვა დროს ‘გლაზგო უორიორსში’ და ‘ლონდონ სქოთიშში’ თამაშობდა. იცავდა შოტლანდიის ყველა ასაკობრივი ნაკრების (16-იდან 21 წლამდე) ღირსებას, თამაშობდა შოტლანდიის კლუბების ნაკრებში და 7-კაცა ნაკრებში (2006-2011), მსაჯობა კი 2016 წელს დაიწყო.

შარშან ნოემბერში ის „შემოდგომის ერთა თასის“ დასკვნით რაუნდში, საქართველოსა და ფიჯის შეხვედრის მთავარი მსაჯი იყო და სამხრეთ აფრიკაში მეორედ გვიმსაჯებს. მისი საერთაშორისო სამსაჯო კარიერა 2017 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე დაიწყო, რომელსაც საქართველომ უმასპინძლა.

ადამსონს კიდეებიდან ირლანდიელი ფრენკ მერფი და სამხრეთ აფრიკელი მარიუს ვან დერ ვესტჰიუზენი დაეხმარებიან. ვიდეო-რეფერი ასევე აფრიკელი მარიუს იონკერია.

9 ივლისი. სამხრეთ აფრიკა – საქართველო

9 ივლისს ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკასთან მეორე ტესტს გამართავენ და მთავარი მსაჯი ის ფრენკ მერფი იქნება, რომელიც ერთი კვირით ადრე კიდეზე იდგება.

37 წლის მერფი სხვადასხვა დროს ‘მანსთერის’, ‘ლესთერ თაიგერსის’ და ‘კონახტის’ ღირსებას იცავდა, თამაშობდა ირლანდიის 21-წლამდე და „ა“ ნაკრებში (8 შეხვედრა, 2 ლელო). მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ, მან რაგბში დარჩენა განიზრახა და 2015 წლიდან მსაჯობას მიყო ხელი, 2016 წლიდან კი საერთაშორისო მსაჯი გახდა.

შარშანდელ „შემოდგომის ერთა თასზე“ მერფი კიდის მსაჯი იყო უელსისა და საქართველოს შეხვედრაში. კიდიდან მას ამჯერად მაიკ ადამსონი დაეხმარება, ხოლო მეორე კიდის მსაჯი და ვიდეო-რეფერი კვლავ აფრიკელები – მარიუს ვან დერ ვესტჰიუზენი და მარიუს იონკერი იქნებიან.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს მერფი საქართველოშ გამართულ 20-წლამდელთა მსოლფიო ჩემპიონატის ერთ-ერთი მსაჯი იყო.

17 ივლისი. საქართველო – შოტლანდია

ზაფხულის ბოლო ტესტ-მატჩს ბორჯღალოსნები 17 ივლისს, საქართველოში შოტლანდიასთან გამართავენ. შოტლანდია ერთადერთი ტიერ1-ის ქვეყანაა, რომელიც გვეწვია და ის ორ წელიწადში მეორედ სტუმრობს საქართველოს.

შეხვედრის მთავარი მსაჯი ინგლისელი ენდრიუ ბრეისია, რომელსაც „შემოდგომის ერთა თასზე“ შოტლანდია-ფიჯის შეხვედრა უნდა ემსაჯა და მას კიდიდან ნიკა ამაშუკელი დაეხმარებოდა, მაგრამ კოვიდ-პანდემიამ მატჩი ჩაშალა.

2017 წელს მან თავისი პირველი ტესტ-მატჩი ქალგარში იმსაჯა, სადაც ბორჯღალოსნებმა კანადა სტუმრად პირველად დაამარცხა – 13:0.

ბრეისს კიდეებიდან ფრანგი პასკალ გოზე და ირლანდიელი კრის ბასბი დაეხმარებიან, ვიდეო-რეფერი კი უელსელი ბენ უაითჰაუსია.

RUGBY.GE

0.115819