ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი მატჩები გაიმართა. „ბრუკლინ ნეტსმა“ სერიაში“ უპირატესობა გაიმყარა და „მილოუკი ბაქსს“ უკვე 2:0-ს უგებს.
თამაში ბრიკლინელებმა ძალიან კარგად დაიწყეს, პირველი პერიოდი 17-ქულიანი უპირატესობით მოიგეს და თამაშის ბოლომდე ყველა მეოთხედში ანგარიშის მხოლოდ გაზრდას აგრძელებდნენ. საბოლოო ჯამში კი სტივ ნეშის გუნდმა 39 ქულით - 125:86 იმარჯვა.
აღნიშნულ შეხვედრაში საუკეთესო კევინ დურანტი იყო, ამერიკელმა კალათბურთელმა არასრულ 33 წუთში 32 ქულა, 4 მოხსნა და 6 პასი მიითვალა, ხოლო კაირი ირვინგი 22 ქულით, 5 მოხსნითა და 6 პასით გამოირჩა. დამარცხებულთა რიგებში კი ყველაზე შედეგიანი იანის ანტენტოკუნმპო იყო, რომელმაც 18 ქულით, 11 მოხსნითა და 4 პასით ორმაგი დუბლი მიითვალა.
სერიის მესამე დაპირისპირება 11 ივნისს გაიმართება.
დღის მეორე შეხვედრაში კი „ფინიქს სანსი“ „დენვერ ნაგთსს“ დაუპირისპირდა და 122:105 მოიგო. მონტი უილიამსის გუნდი უპირატესობას მეორე ნახევარში დაეუფლა და სერიის პირველი დაპირისპირება მოგებით გახსნა.
ყველაზე შედეგიანი „ფინიქსის“ კალათბურთელი მიკალ ბრიჯესი იყო. 24 წლის ამერიკელმა საკუთარ გუნდს 23 ქულა, 5 მოხსნა და 5 პასი შესძინა, ხოლო დენვერიდან ნიკოლა იოკიჩი გამოირჩა, რომელსაც 22 ქულა, 9 მოხსნა, 3 პასი ჰქონდა და ორმაგ დუბლამდე მხოლოდ 1 მოხსნა დააკლდა.
ამ გუნდებს შორის ყველაფერი ახლა იწყება, სერიის მეორე მატჩი კი 10 ივნისს გაიმართება.