ფლოიდ მეივეზერის და იუთუბის ვარსკვლავ ლოგან პოლის საჩვენებელი ბრძოლა გამარჯვებულის გამოვლენის გარეშე დასრულდა. ეს არც იყო მოსალოდნელი, რადგან რინგის მიღმა, ქულების მთვლელი მსაჯები არ ისხდნენ. ბრძოლა მხოლოდ საჩვენებელი იყო და რინგზე ზომა-წონაში უთანაბრო მოკრივეები იდგნენ.
ერთ მხარეს უძლეველი (50-0), ხუთი წონითი კატეგორიის ჩემპიონი, მეივეზერი იდგა, ვისთვისაც ეს შეხვედრა, მხოლოდ ჯიბის შევსების საშუალება იყო. მეორე მხარეს კი გამოუცდელი მოკრივე-შოუმენი, ვისაც პროფესიულ რინგზე გამართული ერთადერთი შეხვედრა წაგებული ჰქონდა. ამასთან, 18 წლით უმცროსი, 16 კილოგრამით მძიმე და 15 სანტიმეტრით მაღალია.
ბრძოლას მაიამის „ჰარდ როკ სტედიუმმა“ უმასპინძლა. ბევრი ელოდა, რომ ის ნოკაუტით დასრულდბოდა. რა თქმა უნდა, მეივეზერის წაქცევაზე არავინ ფიქრობდა. მაგრამ ლოგანმა სწორი ტაქტიკა აირჩია - თავისი გრძელი ხელების წყალობით, მეტოქეს მიახლოების საშუალებას არ აძლევდა.
ამის მიუხედავად, 44 წლის მეივეზერმა შუა რაუნდებში შეუტია და არაერთი დარტყმაც შეასრულა, მაგრამ მასზე გაცილებით დიდი მეტოქე, ამ დარტყმებს იოლად იტანდა. ბრძოლის შემდეგ, სპეციალისტებმა მაინც დაითვალეს სტატისტიკა. აღმოჩნდა, რომ პოლმა 217-ჯერ მოიქნია ხელი, მეივეზერმა - 107-ჯერ. მაგრამ ამ მოქნევების ეფექტურობა ძლიერ განსხვავებული აღმოჩნდა. პოლმა მხოლოდ 28 დარტყმის შესრულება შეძლო, მეივეზერმა კი 43-ჯერ მიაღწია მიზანს. მეივეზერმა 14-ჯერ სცადა ჯების დარტყმა და შვიდჯერ მიაწვდინა. პოლმა კი ჯები 73-ჯერ სცადა, მაგრამ მხოლოდ შვიდი დარტყმა გამოუვიდა.
„ალბათ აცნობიერებთ, რომ 21 წლის აღარ ვარ, მაგრამ ამ ახალგაზრდა ბიჭებთან შეხვედრა მაინც სასიამოვნოა. მათთან ჩემს უნარებს ვცდი და ვერთობი. პოლი შესანიშნავი მებრძოლია. ის იმაზე უკეთესი ყოფილა, ვიდრე მეგონა. კარგი ბრძოლა გვქონდა“, - ამბობს მეივეზერი, ვინც სავარაუდოდ, 50 მილიონ დოლარს მიიღებს.
„არ მინდა, ვინმემ თქვას, რომ ამ ქვეყნად რამე შეუძლებელია. ფაქტი, რომ მე აქ ვარ, ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მოკრივესთან, მეტყველებს, რომ ეჭვები უნდა გაიქარვოთ. ყველას შეუძლია ცხოვრებაში რამის მიღწევა. ეს ერთ-ერთი საუკეთესო მომენტია ჩემს ცხოვრებაში“, - განაცხადა პოლმა.