ფეხბურთი

2:08 | 8.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ დონარუმას შეუთანხმდა: იტალიელი პარიზში ასტრონომიულ ხელფასს მიიღებს

ჯანლუიჯი დონარუმას სატრანსფერო საგა დასასრულს მიუახლოვდა. Sky Sport-ის ცნობით, ფრანგულმა „პარი სენ ჟერმენმა“ მინო რაიოლასთან და 22 წლის კარის დარაჯთან შეთანხმებას მიაღწია და ტრანსფერის გაოფიციალურება მხოლოდ დროის ამბავია.

პსჟ დონარუმას კონტრაქტს 2026 წლამდე გაუფორმებს, ამ ხუთ წელიწადში კი 60 მილიონ ევროს გადაუხდის - სეზონში 12 მილიონ ევროს. ჯიჯო სამედიცინო შემოწმებას ფლორენციაში გაივლის და ტრანსფერი ოფიციალურად ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე უნდა დადასტურდეს.

აღსანიშნავია, რომ პსჟ-მ ერთი თვის წინ კეილორ ნავასს კონტრაქტი 2024 წლამდე გაუხანგრძლივა და სეზონში 7 მილიონ ევროს უხდის, მიუხედავად ამისა, პარიზელებმა დონარუმას დამატებაც გადაწყვიტეს.

იტალიელი კიპერისთვის „იუვენტუსი“ და „ბარსელონაც“ იბრძოდნენ, მაგრამ ვინაიდან გუნდში ვოიცეხ შჩესნი და მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ჰყავთ და მათი გასხვისება ვერ შეძლეს, დონარუმასთვის მაღალი ხელფასის გადახდისგან თავი შეიკავეს. თუმცა, იტალიური და ესპანური გრანდებისგან განსხვავებით პსჟ-ს ფინანსური პრობლემები არ გააჩნია.

შეგახსენებთ, ჯანლუიჯი დონარუმა „მილანში“ 2015 წლიდან თამაშობდა და 251-ჯერ დაიცვა შავ-წითელთა ღირსება. 22 წლის მეკარე 30 ივნისს თავისუფალი აგენტი ხდება და პსჟ-ს უფასოდ შეუერთდება.

0.114654