სამხრეთ კორეის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და ამავე ქვეყნის ლეგენდარული ნახევარმცველი იუ სან ჩული პანკრეასის სიმსივნით გარდაიცვალა. ის მხოლოდ 49 წლის იყო. დაავადებას ბოლო წლების განმავლობაში ებრძოდა, მაგრამ მის წინააღმდეგ გამარჯვება ვერ შეძლო.
სან ჩული სამხრეთ კორეის ნაკრებში 1994-2005 წლებში თამაშობდა და 124 თამაშში 18 გოლი გაიტანა. მათ შორის, ორი მსოფლიოს ჩემპიონატზე - 1998 წელს ბელგია დაამწუხრა (1:1), ხოლო 2002 წელს პოლონეთი (2:0). ორივე მუნდიალზე ის კორეელთა შეუცვლელი ფიგურა იყო და მსოფლიოს ჩემპიონატზე მეოთხე ადგილიც დაიკავა.
საკლუბო კარიერა სულ სამ გუნდში გაატარა - სამშობლოში და იაპონიაში. 1994-1998, 2002-2003 და 2005-2006 წლებში „ულსან ჰიუნდაის“ წევრი იყო, 1999-2000 და 2003-2004 წლებში „იოკოჰამა მარინოსის“, 2001-2002 წლებში კი „კაშივა რეისოლის“.
კარიერის დასრულების შემდეგ სამწვრთნელო ასპარეზზე გადაინაცვლა და სამშობლოში მუშაობდა. ბოლოს 2019 წელს „ინჩჰონ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის რანგში იმუშავა.