უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ძიუდოში ქართველები ჩაერთვნენ ასპარეზობაში, მაგრამ მედლის მოპოვება ვერ მოახერხეს. ტატამზე სამი ქართველი ძიუდოისტი გავიდა და ყველა მათგანი პირველივე შეხვედრაში დამარცხდა.
ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) პირველი წრისგან თავისუფალი იყო და ასპარეზობა მოლდოველ ვადიმ ბუნესკუსთან დაპირისპირებით დაიწყო, რომელიც მოულოდნელად წააგო და მსოფლიოს ჩემპიონატს გამოეთიშა.
ქალთა შორის, 52 კგ წონით კატეგორიაში ტეტიანა ლევიცკა-შუკვანმა პირველივე წრეში აზერბაიჯანელ გულთაი მამადალიევასთან განიცადა მარცხი. მარიამ ჯანაშვილმა კი ასევე პირველი შეხვედრა წააგო მონღოლ სოსორბარამ ლხაგვასურენთან და ასპარეზობა დაასრულა. ამრიგად, ქართველებისთვის ეს საშეჯიბრო დღე წარუმატებელი გამოდგა და უმედლოდ დასრულდა.
ხვალ 73 კგ წონით კატეგორიაში ორი ქართველი იასპარეზებს. ნუგზარ ტატალაშვილი პირველ წრეში ბელარუს ვაძიმ შოკას, ლაშა შავდათუაშვილი კი პერუელ ალონსო ვონგს დაუპირისპირდება. ქალთა შორის ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) ჩეხ ვერა ზემანოვას გაეჯიბრება.