სხვა

2:27 | 7.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

დოფინის რბოლა ავსტრალიელმა რიჩი პორტემ მოიგო

პრესტიჟული ერთკვირიანი რბოლა კრიტერიუმ დუ დოფინი, „ინეოს გრენადერსის“ ავსტრალიელი რიჩი პორტეს გამარჯვებით დასრულდა. ბოლო, მერვე ეტაპი კი უკრაინელმა მარკ პადუნმა მოიგო, ვისთვისაც ეს ზედიზედ მეორე გამარჯვებაა.

პადუნმა (ბაჰრეინ ვიქტორიოუს) წინა დღით ურთულესი სამთო ეტაპი მოიგო, თუმცა ორი ეტაპის მოგების მიუხედავად, საბოლოო ჩათვლაში, ათეულში შესვლაც ვერ შეძლო.

36 წლის პორტემ ლიდერის ყვითელი მაისური სწორედ მეშვიდე ეტაპის შემდეგ მოირგო. ბოლო ეტაპის წინ, ის ყაზახ ალექსეი ლუცენკოს (ასტანა) 17 წამს უგებდა და თანაგუნდელთა დახმარებით, ეს უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა.

სხვათა შორის, ტურ დე ფრანსზე, „ინეოს გრენადერსის“ ლიდერი, ბრიტანელი გერეინ თომასი უნდა იყოს, ვისაც ფრანგული ველომარათონი ერთხელ უკვე მოგებული (2018 წელს) აქვს. თომასმა დოფინზე მეხუთე ეტაპი მოიგო, მაგრამ ყვითელი მაისურის დაუფლება არ გამოუვიდა.

„აქ ორჯერ მეორე ადგილი დავიკავე, თან შარშან ერთი წამით, ბოლო კილომეტრზე წავაგე. და ახლა, ამ გამარჯვებით, სიხარულით ცას ვეწიე. ტურზე იცი, რაც ჩემი საქმე იქნება, ამასთან დაკავშირებით, ილუზიები არ მაქვს. ამ რბოლის მოგება კი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. აქ ასპარეზობა ყოველთვის მსიამოვნებდა. და როგორც იქნა, 36 წლისამ ის მოვიგე“, - განაცხადა პორტემ.

0.115542