როლან გაროსზე სკანდალური ფაქტი დაფიქსირდა. რუსი ჩოგბურთელი იანა სიზიკოვა პოლიციამ მატჩის შემდეგ დააპატიმრა და მას ბრალად გარიგებულ თამაშში მონაწილეობას სდებენ.
საფრანგეთის ღია პირველობა რამდენიმე დღის წინ დაიწყო, სიზიკოვა ეკატერინა ალეკსანდროვასთან ერთად წყვილში ასპარეზობდა, პირველ წრეში კი სანდერსისა და აილა ტომლიანოვიჩის წყვილთან მატჩი 6:1, 6:1 დათმო. მისმა საეჭვო მოქმედებებმა თამაშის დროს ადგილობრივ პოლიციას ეჭვი გაუჩინა და რუსი სპორტსმენის დაკავება გახდა საჭირო.
აღნიშნული ფაქტის შესახებ РИА Новости რუსეთის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ესაუბრა, თუმცა შამილ ტარპიშევმა კომენტარისაგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ ვითარების შეფასება ნაადრევია და მის დასამტკიცებლად გარკვეული დოკუმენტებია საჭირო.
„ჩვენ არ გვაქვს საბუთები და ფაქტს ვერ შევაფასებთ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საქმე ჩაწყობილ მატჩებს ეხება, თუმცა ჯერჯერობით არანაირი დამამტკიცებელი საბუთები არ არსებობს. მსგავსი სახის განხილვა ჩემს კომპეტენციაში არ შედის და ეს სამართალდამცავი ორგანოების პრეროგატივაა“, - განაცხადა ტარპიშევმა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სიზიკოვას ფულად ჯარიმასთან ერთად, რომელიც 250 ათას დოლარს შეადგენს, სამუდამო დისკვალიფიკაციაც ემუქრება. აპელაციის განხილვა კი მხოლოდ ლოზანის სპორტულ არბიტრაჟს შეუძლია. აქვე გეტყვით, რომ 26 წლის რუს ჩოგბურთელს საეჭვო მატჩებში მონაწილეობას ადრეც ედავებოდნენ.