მადრიდის „რეალი“ მთავარი მწვრთნელის ძებნას აგრძელებს. როგორც As იტყობინება, პსჟ-ს თავკაცი მაურისიო პოჩეტინო ესპანელთა მთავარი კანდიდატია.
მადრიდელებმა უკვე სერიოზულად დაიწყეს მუშაობა პოჩეტინოს მიწვევაზე, მაგრამ ოფიციალურ დონეზე მოლაპარაკებების გაჟღერება არ სურთ, რათა პარიზელებთან ურთიერთობა არ გაიფუჭონ კილიან მბაპეს შესაძლო ტრანსფერის გამო.
ამავდროულად, არგენტინელს, რომელსაც „პარი სენ ჟერმენის“ დატოვება უნდა, ლონდონის „ტოტენჰემიც“ იწვევს, რაც შეიძლება „რეალისთვის“ დაბრკოლება გახდეს. იმ შემთხვევაში თუ პოჩეტინოსთან შეთანხმება არ შედგა, „რეალი“ აქცენტს რაულზე გააკეთებს, რომელიც კასტილიაში მუშაობს.
რაც შეეხება ანტონიო კონტეს, ის მთავარი ფავორიტი იყო, მაგრამ ბოლო ცნობებით, აუტსაიდერთა რიგებში გადაინაცვლა. თუმცა, ჯერჯერობით იტალიელის კანდიდატურაც არაა გამორიცხული. შეგახსენებთ, „რეალი“ ზინედინ ზიდანმა რამდენიმე დღის წინ დატოვა.