იტალიის ნაკრებისა და ჯერ კიდევ „მილანის“ მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა ყურადღების ცენტრშია. 22 წლის კიპერს „როსონერისთან“ კონტრაქტი ერთ თვეში ეწურება, რომელიც პაოლო მალდინის განცხადებით, არ განახლდება. თანაც, მილანელებმა მისი შემცვლელი მაიკ მენიო უკვე იყიდეს.
Corriere Dello Sport-ის ცნობით, დონარუმა საკმაოდ რთულ ვითარებაში აღმოჩნდა და მისი აგენტი მინო რაიოლა კლუბს გამალებით ეძებს. როგორც გამოცემა წერს, რაიოლამ „იუვენტუსს“ ჯიჯო ფასდაკლებით შესთავაზა.
„მილანში“ იტალიელის ხელფასი 6 მილიონი ევრო იყო და კლუბი მას ახალი კონტრაქტის სანაცვლოდ 8 მილიონს სთავაზობდა, რაზეც უარი განაცხადა და მინიმუმ 10 მილიონს ითხოვდა. თუმცა, რაიოლამ ტურინელებს შესთავაზა, რომ დონარუმა უფასოდ დაიმატონ და ხელფასი იმდენი გადაუხადონ, რასაც „მილანში“ იღებდა - 6 მილიონი ევრო.
„იუვენტუსს“ დონარუმას დამატება სურს, მაგრამ პრობლემა ვოიცეხ შჩესნია, რომელიც უნდა გაყიდოს, რაც საკმაოდ ძნელი მისიაა. 31 წლის პოლონელის ხელფასი 6.5 მილიონი ევროა და კონტრაქტიც 2024 წლამდე აქვს გაფორმებული. იმასაც ამბობენ, რომ მასიმილიანო ალეგრის ფავორიტი შჩესნია და სურს, რომ მისი გუნდის მეკარე ის იყოს.
ტურინელების გარდა, საქმეში „ბარსელონაცაა“, მაგრამ აქაც იგივე პრობლემაა მარკ-ანდრე ტერ შტეგენის სახით. უფრო მეტიც, გერმანელთან შელევას ესპანელები არ აპირებენ და შესაბამისად, დონარუმას ტრანსფერი შეუთავსებელი ხდება. ამდენად, ისიც არ არის გამორიცხული, რომ სეზონს ახალგაზრდა იტალიელი უგუნდოდ შეხვდეს.
თვითონ დონარუმას სურვილია, რომ ევროპის ჩემპიონატამდე, რომლის დაწყებამდე ორ კვირაზე ნაკლები დრო რჩება, გუნდის პრობლემა უკვე მოგვარებული ჰქონდეს. ფაქტია, წინ საინტერესო დღეები იქნება და დონარუმას ტრანსფერის თემა უახლოეს ხანებში ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება. ჯიჯოს აქამდე „მილანის“ გარდა არსად უთამაშია და 2015 წლიდან 251 თამაში ჩაატარა.