რაგბი

12:33 | 30.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | ნახევარფინალებმა და ფინალმა ერთი კვირით გადაიწია

დიდი 10-ის ნახევარფინალურმა შეხვედრებმა და დიდმა ფინალმა ერთი კვირით გადაიწია. მატჩების გადადების მიზეზი სამსაჯო კორპუსის პროტესტია, რომელმაც ბოლო წლებში მსაჯებზე გახშირებული ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ზეწოლის გამო პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართა.

რაგბის კავშირის ხელმძღვანელობამ უკვე გამართა მოლაპარაკებები სამსაჯო კორპუსთან და მიღწეულია შეთანხმება, რომ ამიერიდან, ამოქმედდება ახალი სადისციპლინო კოდექსი, რომელიც სრულ თანხვედრაშია მსოფლიო რაგბის ანალოგიურ დოკუმენტთან.

ამ არასასიამოვნო ფაქტთან დაკავშირებით რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტებმა ისაუბრეს.

ბაჩო ხურციძე: „ზოგადად, მსაჯების პროტესტი სამართლიანია, თუმცა ამ თამაშების წინ მიღებულ გადაწყვეტილებაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ძალიან ბევრი შეურაცხყოფა იყო მათ მიმართ არა მხოლოდ მოთამაშეების, არამედ კლუბების მენეჯმენტის მხრიდან და ეს სამწუხაროა. არ არსებობს ხარისხიანი ჩემპიონატი და თამაში მსაჯის გარეშე. ბოლო წლებში მათთან მიმართებაში ბევრი ნეგატივი დაგროვდა და ეს იყო ამის ბრალი, სადისციპლინო კოდექსი მოთხოვნებს ვერ პასუხობდა. მიუხედავად იმისა, რომ რაგბის კავშირში ჩვენი მუშაობის ორი თვის განმავლობაში, მოვახერხეთ და 17 მაისს მივიღეთ ახალი სადისციპლინო კოდექსი, რაც წლების განმავლობაში ვერ ხერხდებოდა, ინერციით მაინც მოხდა კლუბის მხრიდან მსაჯებზე ზეწოლის რამდენიმე სამწუხარო ფაქტი“.

„ძალიან ცუდია, რომ ეს დაემთხვა ნახევარფინალებს. გვქონდა საუბარი მსაჯებთან და მათ მიიღეს პირობა, რომ ახალი სადისციპლინო კოდექსი და წესდება მომავალი სეზონიდან ამოქმედდება. დიახ, ჩვენ 17 მაისს მივიღეთ ახალი წესდება, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ის გაეცნოს კლუბებს და ამიტომ, მისი ძალაში შესვლა მიღებისთანავე ვერ მოხერხდა. სამწუხაროა, რომ ნახევარფინალები და შესაბამისად, ფინალი ერთი კვირით გადაიწევს, რაც ზიანს აყენებს ეროვნულ ნაკრებს. თუმცა ჩვენ კარგად გვესმის მსაჯების და მოგვიწევს ადაპტირება ამ პრობლემებთან“.

თორნიკე გოგებაშვილი: „სამსაჯო გუნდის პროტესტს სრულად ვიზიარებთ. სამწუხაროა, რომ ამით ნაკრები ზარალდება, რადგან ჩემპიონატმა ერთი კვირით გადაიწია. ესაა პრობლემები, რომლებიც წლების განმავლობაში დაგროვდა და განსაკუთრებით ამ ბიჭებს აზარალებს. ჩვენ მივიღეთ ახალი სადისციპლინო რეგულაციები, რომლითაც სრულად რეგულირდება სარაგბო სისტემა და მოიცავს ნებისმიერ პიროვნებას, რომელიც დაკავშირებულია რაგბთან და ის სრულ თანხვედრაშია მსოფლიო რაგბის რეგულაციებთან. იურიდიულად, მისი ამოქმედება ნებისმიერ დროს შეგვიძლია“.

„მიუხედავად ამისა, ბოლო პერიოდში მაინც მოხდა არასასიამოვნო ფაქტი და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ მსაჯს. ადრეც ავღნიშნეთ, რომ უმკაცრესად დაისჯება ყველა, ვინც დაარღვევს ეთიკის ნორმებს. ადრე თუ ვინმეს ქონდა ეჭვი, რომ გადაწყვეტილება იქნებოდა სუბიექტური ან ობიექტური, ახლა უკვე იარსებებს სააპელაციო კომიტეტი, რომელიც ჩამოყალიბდება აგვისტომდე და ახალი ჩემპიონატი დაიწყება ახალი რეგულაციებით“.

ნიკა ალავიძე: „ეს იყო არა კონკრეტულად რომელიმე პიროვნების, არამედ მთელი სამსაჯო კორპუსის ლოგიკური პოზიცია, რაც გამოიწვია წლების განმავლობაში დაგროვილმა ფიზიკურმა თუ მორალურმა ზეწოლებმა და აგრესიულმა ქმედებებმა. ახალმა მენეჯმენტმა მივიღეთ გადაწყვეტილება და ვახორციელებთ რეფორმებს, რაც მტკივნეული პროცესია. ამან ბევრი რამ სააშკარაოზე გამოიტანა. 17 მაისს მივიღეთ ახალი სადისციპლინო კოდექსი, რადგან წინა დოკუმენტი არ იძლეოდა ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის შესაძლებლობას, თუმცა ის ძალაში ვერ შევიდა, რადგან მოკლე ვადებში ვერ მოხერხდა მისი კლუბებისთვის გაცნობა“.

„სწორედ ამ პერიოდში მოხდა რამდენიმე უსიამოვნო ფაქტი მსაჯების მიმართ, რამაც გამოიწვია მათი სამართლიანი პროტესტი. ჩვენ ვერ ვეთანხმებით ამ პროტესტის გამოხატვის ფორმას, თუმცა მსაჯებთან უკვე მოხდა შეთანხმება. სამწუხაროდ, ამან გამოიწვია ჩემპიონატის დასრულების ერთი კვირით გადაწევა, რაც საერთო ჯამში აზარალებს ნაკრებს, მაგრამ ესაა სისტემური პრობლემა, რომელიც უნდა გამოსწორდეს. არ გამოვრიცხავთ, რომ რეფორმების პროცესში კიდევ იყოს პრობლემები, მაგრამ ესაა ჯანსაღი პროცესის ნაწილი“.

RUGBY.GE

თეგებიდიდი 10
0.120662