თბილისის „ლოკომოტივის“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი კარიერას ესპანურ „ვალენსიაში“ გააგრძელებს. ინფორმაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველ არხს“ ფეხბურთელის აგენტმა ლევან სეთურიძემ დაუდასტურა.
დარჩენილია მხოლოდ ბოლო და მცირე დეტალები, რის შედეგადაც 20 წლის კარის დარაჯი ესპანეთში გაემგზავრება. გიორგი „ვალენსიას“ ერთწლიანი იჯარით გადავა და ესპანელებს მისი გამოსყიდვის უფლება ექნებათ.
შეგახსენებთ, მამარდაშვილი „დინამო თბილისის“ საკუთრებაა და „ლოკომოტივში“ ბოლო ორი სეზონიც იჯარით გაატარა. მან მიმდინარე სეზონში ეროვნულ ლიგაში 14-ჯერ ითამაშა.
მამარდაშვილმა განსაკუთრებით დასამახსოვრებელი მატჩები ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაატარა. მას სისტემატურად იძახებენ საქართველოს ნაკრებშიც, თუმცა ჯერ დებიუტი არ ჰქონია.