ფეხბურთი

14:03 | 28.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "იუვენტუსმა" ანდრეა პირლო გაათავისუფლა

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მასიმილიანო ალეგრი დაითხოვეს. იტალიურმა გრანდმა ვებგვერდზე გავრცელებული განცხადებით ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.

„მადლობა, ანდრეა. ეს არის პირველი სიტყვები, რომელიც პირველ რიგში ყველამ უნდა ვთქვათ ამ განსაკუთრებული გამოცდილების ერთად გაზიარების გამო. რამდენიმე თვის წინ ანდრეა პირლომ, მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ „იუვენტუსის“ სათადარიგო სკამზე ახალი თავგადასავალი დაიწყო, მთავარი მწვრთნელის რანგში.

ამის გაკეთება, უპირველეს ყოვლისა გამბედაობას მოითხოვს, ისევე როგორც საკუთარი შესაძლებლობების რწმენას, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში, რომელსაც ათასი სირთულე ახასიათებს. პანდემიამ სამყარო აიძულა ცხოვრების ახალი წესები მოეფიქრებინა.

ანდრეამ ეს გააკეთა. დარწმუნებულნი ვართ, მას დიდებული კარიერა ექნება, როგორც ფეხბურთელს ჰქონდა. გავიხსენოთ: „იუვემ“ რამდენიმე თვეში ორი ტიტული მოიგო, მოიპოვა გამარჯვებების პრესტიჟულ სტადიონებზე „სან სიროდან“ „კამპ ნოუმდე“. ამ ყველაფრისთვის, გამბედაობისთვის, თავდადებისთვის, გატაცებისთვის, მიღწეული წარმატებისთვის, ჩვენი მადლობა გულიდან მოდის. წარმატებებს გისურვებთ მომავალში, რომელიც ნამდვილად ლამაზი იქნება“, - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ანდრეა პირლომ „იუვენტუსი“ ისე ჩაიბარა, რომ არანაირი სამწვრთნელო გამოცდილება არ ჰქონია. უფრო მეტიც: ის 23-წლამდე გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე წარადგინეს, მაგრამ რამდენიმე დღეში მთავარ გუნდში გამოცდილების გარეშე დააწინაურეს.

მისი ხელმძღვანელობით ტურინულმა გრანდმა 52 მატჩიდან 34 მოიგო, 8 წააგო და 10-ჯერ ფრეს დასჯერდა. მოიგო ორი ტიტული - იტალიის თასი და იტალიის სუპერთასი. მაგრამ, გადამწყვეტი ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალში გავარდნა და სერია A-ში მხოლოდ მეოთხე ადგილი გამოდგა.

უკვე ცნობილია, რომ ანდრეა პირლოს მასიმილიანო ალეგრი შეცვლის. დიდი შანსია, რომ უსაქმოდ არც 42 წლის სპეციალისტი დარჩეს, რადგან უკვე უკავშირებენ „ლაციოს“ და „სასუოლოს“, რომლებიც ახალ მწვრთნელს ეძებენ.

0.121193