ფეხბურთი

18:17 | 27.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: მაიკ მენიო "მილანის" ფეხბურთელია

იტალიური „მილანის“ ახალი მეკარე მაიკ მენიო იქნება. ფრანგმა ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ კლუბთან კონტრაქტს ხელი მოაწერა და იტალიელთა ვებგვერდმა ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.

მენიომ „მილანთან“ ხეშეკრულება 2026 წლის 30 ივნისამდე გააფორმა და 16-ნომრიანი სათამაშო ნომერი აირჩია. ფრანგი ფეხბურთელის სანაცვლოდ „ლილმა“ 15 მილიონი ევრო მიიღო, რასაც ბონუსები დაემატება და მისი ხელფასი 3 მილიონ ევრომდე იქნება.

მაიკ მენიოს საფეხბურთო კარიერა პსჟ-ში დაიწყო, სადაც ფეხი ვერ მოიკიდა და 2015 წლიდან „ლილის“ შემადგენლობაში თამაშობდა (180 თამაში), რომელთანაც ერთად საფრანგეთის ჩემპიონობა მიმდინარე სეზონში იზეიმა. მენიოს საფრანგეთის ნაკრებში ერთხელ უთამაშია. 2018-2019 წლების სეზონში კი ლიგა 1-ის საუკეთესო მეკარედ დაასახელეს.

მენიოს ტრანსფერი ნიშნავს, რომ ჯანლუიჯი დონარუმა კლუბს უფასოდ დატოვებს. 22 წლის კიპერს კლუბთან კონტრაქტი ერთ თვეში ეწურება და მხარეები მას არ განაახლებენ. ეს ცნობა გუშინ „როსონერის“ ტექნიკურმა დირექტორმა პაოლო მალდინიმაც დაადასტურა. დონარუმას მომავალს ყველაზე აქტიურად და ხშირად „იუვენტუსს“ უკავშირებენ.

0.117659